მთავარისაქართველოსტუდენტების გაფიცვა გრძელდება

სტუდენტების გაფიცვა გრძელდება

სტუდენტების გაფიცვა გრძელდება. მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტები უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე და საპროტესტო აქციებს უერთდებიან.

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას დღესაც შეუერთდნენ სტუდენტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ.

მათ დილიდან შეკრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყეს.

სტუდენტები ინიციატივით გამოდიან, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში გაიმართოს საჯარო დისკუსია ე.წ. „რუსულ კანონზე”.

საქართველოს უნივერსიტეტების რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები კი სტუდენტების პროტესტსა და გაფიცვას გამოეხმაურენ. საერთო წერილში, რომელსაც 38 უნივერსიტეტის რექტორი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ აკადემიური სფერო პოლიტიკური პროცესების მიღმა უნდა რჩებოდეს და ლექტორები, რომლებიც არ ატარებენ ლექციებს, არღვევენ შრომით ხელშეკრულებებს.

„ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთო განცხადებას ხელს არ აწერს რამდენიმე უნივერსიტეტი, მათ შორის არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, ალტე უნივერსიტეტი, GIPA, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ვებსტერის უნივერსიტეტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, ალტერბრიჯი და საქართველოს უნივერსიტეტი.

საპროტესტო აქციები კი გრძელდება. სტუდენტები ამბობენ, რომ გაფიცვას გააგრძელებენ, სანამ პარლამენტი უკან არ გაიწვევს კანონპროექტს, რომელიც მათი თქმით, რუსული კანონია.

უკვე ოთხი კვირაა, ათიათასობით პირი, მათ შორის, სტუდენტები აპროტესტებენ კანონპროექტს “უცხოურო გამჭვირვალობის შესახებ”, თუმცა ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მაინც მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend