მთავარისაქართველო“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან დილის 9 საათიდან იკრიბებიან. მათი ნაწილი გმირთა მოედანზე მივიდა საავტომობილო მოძრაობის გადასაკეტად.

მას შემდეგ, რაც შუა დღის 4 საათზე საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უფრო მეტი მოქალაქე მივიდა. სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად კი საკანონმდებლო ორგანოსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა აქციის 13 მონაწილე დააკავეს.

საღამოს 6 საათისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეკრება დაიწყეს და შემდეგ მსვლელობით შეუერთდნენ პარლამენტთან მიმდინარე აქციას. ასევე რუსთაველის მეტროდან საკანონმდებლო ორგანომდე „ორბორბლიანთა მარში“ გაიმართა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ და იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.

მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვა სცადა, სამართალდამცველებმა რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავეს.

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილთა ნაწილმა კი გმირთა მოედნისკენ მსვლელობა დაიწყო, რათა დაკავებულთათვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ.

საღამოს 10 საათისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტა. საპროტესტო აქცია გმირთა მოედნის პარალელურად საქართველოს პარლამენტთანაც მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend