მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მესამე მოსმენით მიიღო, ხმა 84-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 30 იყო. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა.  პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

კენჭისყრამდე დეპუტატები როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან კვლავ ხსნიდნენ, თუ რას მოუტანს მათი პერსპექტივიდან ეს კანონი საქართველოს. მმართველი პარტიის დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ეს კანონი საქართველოს სჭირდება სუვერენიტეტის დასაცავად და გასამყარებლად. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ დასავლეთიდან, ქვეყნის შიგნიდან არიან კონკრეტული ძალები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. მათი თქმით, სამოქალაქო სექტორის ამ პრობლემას მოაგვარებს სწორედ “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.

“ეს კანონი ემსახურება საქართველოს დემოკრატიის დაცვას, საქართველოს პოლიტიკური სისტემის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისგან. დღეს მსოფლიოში დემოკრატიული სისტემები სულ უფრო მეტად ხდება გარე ჩარევისა და ზეგავლენის სამიზნე. ამ სფეროში კანონმდებლობა აქვს ევროკავშირის 15 სხვადასხვა წევრ სახელმწიფოს და ევროკავშირმა გამოსცა სპეციალური რეკომენდაცია, სადაც მოუწოდა დანარჩენ ქვეყნებს, რომ შეიმუშაონ გამჭვირვალობის რეესტრები”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ.

ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების პირდაპირი და ეგზისტენციალური საფრთხე ქვეყანაში, თავისუფალი სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტა – სწორედ ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ამ კანონპროექტის მიღების რეალურ შედეგებს. მათი განცხადებით, თუ ეს კანონი ქვეყანაში სრულად ამოქმედდება და გავრცელდება, ქვეყანაში აღარ იქნება თავისუფალი სიტყვის დამცველი არცერთი ორგანიზაცია.

„„ქართული ოცნება” აფორმებს ხელისუფლებიდან წასვლას. მე მგონია, რომ ყველაფერი გააკეთეს, ცოტა დარჩა გაფორმებამდე. ველოდები, როდის დასრულდება ეს პროცესი. თვითონ ჰგონიათ, რომ რუსეთისკენ წაიყვანენ ქვეყანას დასავლეთის ნაცვლად. ჩემი აზრით, ეს მაინც არ გამოვა და გაფორმებით მხოლოდ „ქართული ოცნების” წასვლა გაფორმდება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ, „გირჩის” წარმომადგენელმა.

კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა, კერძოდ, 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend