საქართველოში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით კინოსკოლა და კინოსტუდია დაარსდა. „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიის სკოლასთან თანამშრომლობით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ერთობლივი სასწავლო პროგრამა იქმნება, სადაც კინოწარმოებისთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს შეასწავლიან.
კურსდამთავრებულები პროფესიული დიპლომის, ან გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატების გარდა, დევიდ ლინჩის კინემატოგრაფიის სკოლის სერტიფიკატებსაც მიიღებენ. როგორც ახალი კინოსკოლის დამფუძნებლები და პარტნიორები აცხადებენ, ეს სასწავლო პროგრამა კვალიფიციურ და კონკურენტუნარიან კადრებს მოამზადებს კინოინდუსტრიის სფეროში.
დღე, როდესაც კინოსკოლა დაფუძნდა, განსაკუთრებული იყო „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისათვის“. ამ დღეს უნივერსიტეტი 10 წლის იუბილესაც აღნიშნავდა. სასიხარულო ამბები დაემთხვა და განწყობაც შესაბამისი მოიტანა უნივერსიტეტის სტუდენტებისა თუ პროფესურისთვის. ეს განწყობა სტუმრებმაც გაიზიარეს და თითქმის მთელი დღე ამ უნივერსიტეტთან ერთად გატარეს. შემოიარეს ულამაზესი კამპუსი, ერთად მოისმინეს გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრის შესრულება და ბევრი, ბევრი ილაპარაკეს ახალგაზრდების მომავალსა და განათლებაზე.