მექსიკაში გამოძიება მკვლელობის მუხლით აღიძრა. საქმე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან მიგრანტთა ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40-ამდე ადამიანის გარდაცვალებას ეხება.
ხანძარი მიმდინარე კვირას სამშაბათს გაჩნდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს 8 ეჭვმიტანილის დაკითხვა.
მექსიკის უშიშროების მდივანი როსა ისელა ველასკესი ამბობს, რომ ორი ფედერალური ოფიცერი, შტატის მიგრაციის ერთი ოფიცერი და კერძო დაცვის კომპანიის ხუთი წევრი უკვე აძლევენ ჩვენებას ადვოკატების თანდასწრებით.
ეჭვმიტანილები ერთ-ერთ მიგრანტს აბრალებენ, რომ სწორედ მან გააჩინა ხანძარი, რომელსაც 40-ამდე ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა. მიგრანტების უმეტესობა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდანაა.
ამ შემთხვევიდან მეორე დღეს ასობით შეშინებული მიგრანტი საზღვართან მივიდა იმ იმედით, რომ შეერთებულ შტატებში გადასვლას შეძლებდნენ, თუმცა ეშინიათ, რომ მსგავსი რამ მათაც არ დაემართოთ. მათ სურთ, რომ ამერიკული ოცნება აიხდინონ.
მიგრანტების თქმით, მათ აქ არავინ უსმენს, არც არაფერს ეუბნებიან, თუ რას უპირებენ ან რას უნდა ელოდონ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეეძლოთ ამ ხალხის გადარჩენა, თუმცა ეს არ გააკეთეს.
ხანძრის შემდეგ ათასობით მიგრანტი ცდილობს, თავი აარიდოს დაკავების ცენტრებს და უკეთესი ცხოვრების იმედით მეორე მხარეს გადავიდეს.