პოლონეთში უკრაინის საზღვართან ჩამოვარდნილ რაკეტებს ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ, თუ ვინ ისროლა რაკეტები.
როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ორივე მხარე რუსული წარმოების საბრძოლო მასალას იყენებს. მიმდინარეობს გამოძიება.
რაკეტები პოლონეთისა და უკრაინის საზღვართან ახლოს ერთ-ერთ ნაკვეთში ჩამოცვივდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას რუსული საბრძოლო მასალა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი ტელევიზიით გამოვიდა და პოლონელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ჯერჯერობით, უცნობია, რაკეტები რუსეთმა მიზანმიმართულად გაისროლა, თუ უკრაინის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გამო ჩამოვარდა. ნებისმიერ შემთხვევაში პოლონეთი მზადყოფნაშია.
პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შემუშავებულია გარკვეული პროცედურები. სხვა ნაბიჯებთან ერთად მათ რამდენიმე საბრძოლო ქვედანაყოფის მობილიზებაც გადაწყვიტეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი ფაქტი პროვოკაციად შეაფასა და კატეგორიულად უარყო უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე თავდასხმაში მონაწილეობა. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ ჰქონდა რუსეთის შეიარაღებასთან.
ნატოს სამხედრო ალიანსის მეოთხე მუხლის საფუძველზე, პოლონეთის მოთხოვნით, ნატოს ელჩების შეხვედრა გაიმართება.
ვარშავაში არ უხსენებიათ მეხუთე მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმას გულისხმობს.