მთავარიამერიკააშშგრემის დაჯილდოებაზე ზელინსკიმ მუსიკოსებს მოუწოდა, რომ ომით გამოწვეული სიჩუმე მუსიკით შეავსონ

გრემის დაჯილდოებაზე ზელინსკიმ მუსიკოსებს მოუწოდა, რომ ომით გამოწვეული სიჩუმე მუსიკით შეავსონ

კვირას ლას-ვეგასში გამართულ გრემის 64-ე დაჯილდოებაზე ამერიკელმა მუსიკოსმა ჯონ ბატისტმა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა. ჯონ ბატისტი, რომელიც გადაცემაში „ღამის შოუ სტივენ კოლბერტთან ერთად“ მთავარი მუსიკოსია, 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი. მისმა ალბომმა „ჩვენ ვართ“ წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

„ნამდვილად მჯერა, რომ არ არსებობს საუკეთესო მუსიკოსი, საუკეთესო არტისტი, საუკეთესო მომღერალი თუ საუკეთესო მსახიობი. შემოქმედებითი სამყარო არის სუბიექტური. ის ადამიანამდე აღწევს, როდესაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება,” – თქვა ჯონ ბატისტმა.

RNB-ის ვარსკვლავების ბრუნო მარსისა და ანდერსონ პააკის დუეტმა „სილკ სონიკმა“ წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა, სიმღერით „დატოვე კარი ღია.“

საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაში კი გამარჯვებული 19 წლის ამერიკელი მუსიკოსი ოლივია როდრიგო გახდა.

წამყვანი დრამერის, ტეილორ ჰოკინსის მოულოდნელი გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, როკჯგუფმა Foo Fighters-მა დაჯილდოებაზე ორი პრიზი მოიგო, მათ შორის საუკეთესო როკსიმღერის ალბომი.

გრემიზე აუდიტორიას სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა და მუსიკოსებს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდა.

„რა უპირისპირდება მუსიკას? დანგრეული ქალაქებისა და დახოცილი ადამიანების სიჩუმე. დღეს ჩვენი შვილები მფირნავ რაკეტებს ხატავენ და არა ვარსკვლავებს. უკრაინაში 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 ბავშვი დაიღუპა. ჩვენ მათ ნახატებს ვერასდროს ვიხილავთ. ჩვენს მუსიკოსებს პიჯაკის ნაცვლად ჯავშანჟილეტები აცვიათ. ისინი საავადმყოფოებში დაჭრილებს უმღერიან – მათაც კი, ვისაც არ ესმის. ჩვენს სათქმელს მუსიკით გადმოვცემთ. ამით ჩვენი სიცოცხლის, სიყვარულის, ხმის თავისუფლებას ვიცავთ. ჩვენს მიწაზე ვებრძვით რუსეთს, რომელსაც საშინელი სიჩუმე მოაქვს თავისი ბომბებით. სამარისებური სიჩუმე. შეავსეთ ეს სიჩუმე მუსიკით. მოყევით ჩვენი ამბავი. თქვით სიმართლე ამ ომის შესახებ, თქვენს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში. ყველა შესაძლებელი გზით დაგვეხმარეთ, მაგრამ არა დუმილით,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გრემის დაჯილდოება წელს 31 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის გავრცელების გამო ღონისძიება გადაიდო. დაჯილდოების ცერემონია 3 თვის დაგვიანებით გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend