რუსული ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო „მედუზას“ ინფორმაციით, კრემლმა ტელევიზიებს, გაზეთებსა და ონლაინ მედიებს უბრძანა ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებში ნიკოლ ფაშინიანი დაადანაშაულონ. ასევე პროპაგანდისტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის დადებით როლზე, მაქსიმალურად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ დანაყოფები გმირულად ასრულებენ მისიას.
“მედუზას” ინფორმაციით, საინფორმაციო სააგენტოებმა აქცენტი უნდა გააკეთონ იმ ფაქტზე, რომ „სომხეთის ხელისუფლებამ აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე“ და ამის დასადასტურებლად უნდა გამოიყენონ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის 2022 წლის ოქტომბერში გაკეთებული განცხადებები, სადაც ნიკოლ ფაშინიანი ამბობდა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია. პროპაგანდისტებმა ასევე უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს დასავლეთმა აიძულა ამ განცხადების გაკეთება.
მთიანი ყარაბაღის რეგიონს საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს აზერბაიჯანის ტერიტორიად. თავად სომხეთსაც არასდროს უღიარებია მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა.
ასევე კრემლი მოითხოვს, რომ რუსი სამშვიდობოები მოიხსენიონ როგორც „დამკვირვებლებად“, ხოლო სამთავრობო მედიებმა უნდა ისაუბრონ რუსი სამშვიდობოების როლზე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. მედიასაშუალებებმა ასევე უნდა განაცხადონ ისიც, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ თავშესაფარი სწორედ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ბაზაზე მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში იპოვეს.