ჰოლივუდის მსახიობი მეთიუ მაკ-კონეჰი თეთრ სახლში იარაღის შესახებ ახალი კანონმდებლობის აუცილებლობის შესახებ სიტყვით გამოვიდა. უვალდეში დაბადებულმა მსახიობმა გასულ თვეს სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლის შემთხვევაზე ისაუბრა და პოლიტიკოსები უმოქმედობაში დაადანაშაულა.
„ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის პრობლემა. ამ ადამიანების მოქმედებების უკან რესპუბლიკელების ან დემოკრატების ღირებულებები არ დგას. თუმცა ხელისუფლებაში მყოფი პირები სათანადოდ ვერ მოქმედებენ. ამიტომ ჩვენ თქვენ მოგიწოდებთ. დადგეთ პოლიტიკური დაპირისპირების ზემოთ და აღიაროთ, რომ ქვეყანაში გვაქვს სიცოცხლის მოფრთხილების პრობლემა. გვჭირდება მეტი ინვესტიცია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. გვჭირდება უფრო უსაფრთხო სკოლები. თავი უნდა შევიკავოთ მოვლენების სენსაციური გაშუქებისგან. უნდა აღვადგინოთ ოჯახური ღირებულებები – ამერიკული ღირებულებები. იარაღის ტარებისას უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო”, – ამბობს მსახიობი.
18 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა ნახევრადავტომატური იარაღით ტეხასის ქალაქ უვალდეში ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ცხრამეტი ბავშვი და ორი მასწავლებელი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იარაღის ტარება კონსტიტუციით არის ნებადართული.