პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მთავრობის წევრებთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ მოსახლეობას წესრიგის აღდგენისკენ მოუწოდა. მანამდე კი საფრანგეთის პოლიციის მიერ მოკლული 17 წლის მოზარდის ბებიამ ქუჩაში გამოსულ ადამიანებს არეულობის დასრულება მოსთხოვა.
ფრანგი პოლიტიკოსები შეშფოთებული არიან, რადგან მომიტინგეები პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მერის სახლში შეიჭრნენ. შემთხვევის დროს სახლში მერის ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. თავად მერი სახლში არ ყოფილა. ბოლო ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა მერის ცოლი, მას ფეხი აქვს მოტეხილი.
არეულობამ ქვეყნის საზღვრებს მიღმაც განგაში გამოიწვია. სატელევიზიო ინტერვიუს დროს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოხატა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი გერმანიის მეგობარი ქვეყანაა. ამიტომ ორივე ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მათი საერთო მომავლისთვის, კარგად იმუშაოს. იგი შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი პრობლემის სწრაფად მოგვარების გზას იპოვის.
საფრანგეთის დიდი ქალაქების ქუჩებში 45 000-ამდე პოლიციელია მობილიზებული. არეულობის შედეგად 220-ზე მეტი ქალაქი და დასახლება დაზარალდა. ბოლო ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი პარლამენტის წევრებსა და ლიდერებს დღეს შეხვდება.