მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 124 მილიონს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 100 მილიონს გადააჭარბა. ევროპის ქვეყნები არ ჩქარობენ დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას. ნიდერლანდების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ინფიცირების მაღლი მაჩვენებლის გამო შეზღუდვები კიდევ 3 კვირით გახანგრძლივდა. ნიდერლანებში კომენდანტის საათმა 1 საათით გადაიწია და 22:000 საათიდან იმოქმედებს, ბარები და რესტორნები, რომლებიც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაკეტილია, ჯერ კიდევ არ გაიხსნება.
,,კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას წესების დაცვისკენ. ჩვენ ვართ პანდემიის მესამე ტალღის გამოწვევის წინაშე და ჩვენ ამ წინააღმდეგობის დაძლევა შეგვიძლია, არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს მოდუნების უფლება”, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკ რუტემ.
ნორვეგიაც იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც აჭიანურებენ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას. ნორვეგიის ხელისუფლების ეროვნული გეგმის მიხედვით, შესაძლოა საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიწოდება აიკრძალოს. მარტის ბოლოს შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების შემდეგ ახალი გეგმის შემუშავებას აპირებდნენ, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო პროცესი დროებით შეჩერდა.
დიდ ბრიტანეთში პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა მოსახსენებლად სიმბოლურად, ჩირაღდნები და სანთლები აანთეს.
მანამდე კი, ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანას რთული წელი ჰქონდა.
,,ეს იყო გამძლეობისა და პირადი ცხოვრების შეცვლის ეპოპეა. გაუქმდა ბავშვთა დაბადების დღეები, გადაიდო ქორწილები, აიკრძალა ოჯახური შეკრებები. რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ დიდი დანაკლისი განვიცადეთ” ,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.
საბერძნეთისა და ესპანეთის გადაწყვეტილებით, ზაფხულში დიდი ბრიტანეთიდან საჰაერო ფრენები შემცირდება. საბერძნეთი საცდელი ფრენების მიღებას შემდეგ თვეში შეძლებს, ხოლო ესპანეთი შემდეგი კვირიდან განაახლებს ფრენებს დიდი ბრიტანეთიდან. რაც შეეხება ბორის ჯონსონის მთავრობას, ამ დროისთვის ქვეყანაში მოქმედებს 5000 ფუნტის ოდენობის ჯარიმა მათთვის, ვინც საზღვარგარეთ გამგზავრებას აუცილებელი მიზეზის გარეშე გადაწყვეტს.