შსს-ის ცნობით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით, ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით.
პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენლები მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. მმართველ პარტიას მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განმარტება არ გაუვრცელებია. ფაქტის შესახებ ჯერ არც ინციდენტის მონაწილე პირებს უსაუბრიათ საჯაროდ.
თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისივე ცნობით, ოპოზიციონერ ლიდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე.