ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გვიან ღამით, ჟურნალისტსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ზვიად ქორიძეს, თავს დაესხნენ. ის ამბობს, რომ სასტუმროს მისაღებ სივრცეში მასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მივიდნენ და ჯერ გაესაუბრნენ, შემდეგ კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ზვიად ქორიძე მედიასთან ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე დაესხნენ თავს.
„ვიჯექი სავარძელში და ცოტა მოშორებით რამდენიმე მაგიდა იყო მოპირდაპირე მხარეს, სადაც ადამიანები სვამდნენ. ჩვენ შორის არანაირი კომუნიკაცია არ იყო, ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მოიტანა სასმელი და მომილოცა ძველით ახალი წელი. მითხრა, გიცნობ, ზვიად ქორიძე ხარო. თქვენ, რომ ვიცოდე-მეთქი, – ვკითხე. გიორგი ვარო, მანველიძე. ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია, შემდეგ დაუბრუნდა სუფრას”, – ამბობს ზვიად ქორიძე.
.
ზვიად ქორიძე იხსენებს, რომ ის კვლავ სასტუმროს მისაღებ სივრცეში ტელეფონზე საუბრობდა, როდესაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე ლიფტიდან გამოვიდა, მასთან მივიდა და უთხრა, რომ იცოდა, ვინც იყო და იცოდა, რატომ ჩავიდა ჟურნალისტი ბათუმში.
„მას შემდეგ, რაც მანველიძე დაუბრუნდა სუფრას, დაახლოებით, 5-7 წუთში ჩამოდის დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ ქალბატონთან ერთად მოდის ამ როიალთან, მერე მიდის სუფრასთან და იქიდან მიზანმიმართულად მოდის ჩემს სავარძელთან და მეუბნება – გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი, რაზეც ხარ ჩამოსულიო. შეიგინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რაზეც რეაგირება არ მქონია. მერე წავიდა კარისკენ, შემობრუნდა ისევ და დაიწყო ყვირილი: რა თქვი შენ ქოცებზე? ვის აგინებ? მე ვუთხარი, რომ არც სიტყვა „ქოცები“ მიხსენებია და არც შემიგინია. გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს ამ მაგიდას“, – უყვება ჟურნალისტებს ზვიად ქორიძე.
ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დიმიტრი სამხარაძემ დაიწყო ხმამაღლა საუბარი და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება, იქვე სუფრასთან მჯდომი პირებიც მისი მიმართულებით დაიძრნენ. ჟურნალისტის თქმით, მან დახმარება სასტუმროს დაცვას სთხოვა. ზვიად ქორიძემ სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანება. ის აცხადებს, რომ სახეში ჩაარტყეს.
„დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა. დაცვა ჩაერთო საქმეში. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა რაღაც ნივთი, მე ვერ ამოვიცნობ ვერანაირად რომელი იყო, მომარტყა სახეში და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა. მაქვს გარკვეული დაზიანებები, რის გამოც მივდივარ კლინიკაში. მეორემ, ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მანველიძემ, აიღო რაღაც ნივთი, კერამიკის ქოთანი, რომელშიც იყო მიწა და ისროლა. არ ვიცი, საგანგებოდ, არ ვიცი ნებით, ამაცილა და ქოთანი უბრალოდ დაიმსხვრა. მერე დაცვამ გამიყვანა, იყო მუქარა ჩემი მისამართით, მესმოდა ეს ხმა“, – ჰყვება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე.
ზვიად ქორიძე იხსენებს, რომ დაახლოებით 15-20 წუთში, სასტუმროსთან მისი კოლეგები და მეგობრები მივიდნენ, რის გამოც კვლავ ჩავიდა მისაღებ სივრცეში და დაინახა მძიმე ტრავმებით გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ჟურნალისტი ამბობს, რომ ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად საგანგებოდ ჩავიდა. სწორედ 14 იანვარს იყო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სასამართლო პროცესი.
ჯერ არ არის ცნობილი, რა მუხლით დაიწყებს გამოძიებას ზვიად ქორიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო. მომხდარის შესახებ მმართველ პარტიას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. ფაქტის შესახებ ჯერ არც ინციდენტში მონაწილე სხვა პირებს უსაუბრიათ.