ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, მიზეზად კი დანაშაულის დაფარვისა და მიმალვის საფრთხეს ასახელებდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა პაატა დიასამიძემ სასამართლოს მიმართა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 100-ათას ლარიანი გირაო გამოეყენებინა.
„ბათუმელების“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რის შემდეგაც, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ დააკავეს.