15 იანვრის ღამეს ბათუმში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, თავს დაესხნენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის შესახებ. როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.
პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ თავდასხმა პარტიის ლიდერსა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო მოწყობილი. გახარიას პარტია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდასხმას უწოდებს კოორდინირებულ, ჯგუფურ და სასტიკ თავდასხმას.
„ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე გიორგი გახარიამ საზოგადოებას მიმართა: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ. დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. დანარჩენი მოგვიანებით“.