მთავარისაქართველოოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება

ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება.

დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ. როგორც პროკურორმა ანა ხუბეჯაშვილმა სხდომაზე განაცხადა, მტკიცებულებების შეფასებით დასტურდება ფაქტები, რომ 2024 წლის 13 მარტს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი ოკმელაშვილი პოლიციელ ალექსანდრე ოხანაშვილს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, თავს დაესხა. ანა ხუბეჯაშვილის განცხადებით, თავდასხმის შედეგად პოლიციელმა დაზიანებები მიიღო და ფიზიკური ტკივილი განიცადა. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, ოკმელაშვილს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვა.

გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატის, კობა ბარამიას თქმით, აქციაზე პოლიციელები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ, რასაც მეორე მხრიდან პასუხი მოჰყვა. ადვოკატის განცხადებით, ვიდეოჩანაწერში პოლიციის არანაირი მაიდენტიფიცირებელი საშუალება არ ჩანს, შესაბამისად, გაურკვეველია, პიროვნება, ვისზე თავდასხმასაც ოკმელაშვილს ედავებიან, ნამდვილად არის თუ არა პოლიციელი ოხანაშვილი.

გიორგი ოკმელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 მაისს 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავა. 17 მაისს კი, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი ოკმელაშვილს ბრალი დაუმძიმა და საქმეს დაემატა მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მუხლიც. მას შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend