კორონავირუსის ახალი შტამი – ომიკრონი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა, დაავადების მიმდინარეობა და საერთაშორისო გამოცდილება – სწორედ ეს იყო ის თემები, რომლებზეც დღეს, პირველ დეკემბერს იმუნიზაციის საბჭოში იმსჯელეს. საქართველოში ვირუსის ახალი ვარიანტი ჯერჯერობით არ გამოვლენილა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ახალი შტამის გავრცელების ალბათობა მაღალია, რადგან ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება.
„ახალი შტამის გავრცელებას ალბათობა ბუნებრივია, არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს. შტამი ძალიან სწრაფად და მარტივად მიგრირებს, ამდენად, ამ რისკებისგან, რა თქმა უნდა, დაცულები არ ვართ. გამომდინარე აქედან, ყველა ის ეპიდუსაფრთხოების წესი, რომელიც საზღვრიდან დაწყებული, ბიზნესგარემოსა და ჯანდაცვის სექტორში უნდა მუშაობდეს, ბუნებრივია, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული და კიდევ დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და როგორც კი იქნება ახალი რეკომენდაციები, ბუნებრივია, ამაზეც ვიმუშავებთ“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
„ეს „ომიკრონი“ რაც გახლავთ, მოგეხსენებათ, ახალი მუტაციაა. ხშირად ვსაუბრობ, რომ რაც გაჩნდა ეს ვირუსი, მას შემდეგ ასობით და ათასობით მუტაცია იყო, მაგრამ საყურადღებო ან შემაშფოთებელი იყო თითებზე ჩამოსათვლელი. შემაშფოთებლის კვალიფიკაცია სულ რამდენიმეს მიენიჭა: „ალფას“, „ბეტას“, „გამას“, „დელტას“ – ყველაზე ძალიან რომელმაც შეგვაწუხა. ჯერჯერობით უნდა დავიცადოთ 2-3 კვირის განმავლობაში, არ ვიცით, რამდენიმე მთავარი. ვიცით ის, რომ ის უფრო ადვილად ვრცელდება და სწრაფად, განსაკუთრებით, 40 წლამდე მოსახლეობაში. ჯერ არ ვიცით, არის თუ არა მეტად აგრესიული ან მეტად ვირულენტური, ვიდრე – დელტა ან სხვა შტამი“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის, მათ შორის, ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ გავრცელების შედეგად, შეზღუდვები არაერთ ქვეყანაში წესდება. ბევრმა ქვეყანამ სამხერთ-აფრიკულ ქვეყნებთან ავიამიმოსვლა უკვე შეაჩერა. იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, როგორც ცნობილია, ახალ შტამთან მიმართებით ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება განიხილეს.
„დღევანდელი საბჭოს შეხვედრის მიზეზი გახლავთ ახალი შტამი და ახალ შტამთან მიმართებით ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობა და გასათვალისწინებელი არის, რა სამოქმედო გეგმა უნდა დავისახოთ ჩვენ ამისთვის. უკვე ცნობილია, რომ ასაკობრივ ჯგუფებში ბუსტერ დოზის ვადების ცვლილებაც მოხდა და ასევე ასაკობრივი ჯგუფების ცვლილებაც. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბუსტერის გამოყენების უფლება სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 3-4 თვემდე შემცირდა და ნებადართულია, ვინაიდან საკმაოდ საშიშია ეს შტამი. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენც ადგილზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რა იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
იმუნიზაციის საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
ანა ალელიშვილი