მთავარი საქართველო მინისტრთა კაბინეტმა ეკონომიკის ზრდის დინამიკასა და ეპიდვითარების შესახებ იმსჯელა

მინისტრთა კაბინეტმა ეკონომიკის ზრდის დინამიკასა და ეპიდვითარების შესახებ იმსჯელა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შემდეგ, ეკონომიკის დუღილზე მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდის სხვა მინისტრებიც ალაპარაკდნენ.

31 იანვრის მთავრობის სხდომის შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად ზრდა განაპირობა.

მინისტრის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს მოსალოდნელი 6%-ის ნაცვლად, 10,6%-ით გაიზარდა.

პანდემიამდელ მაჩვენებელს ეკონომიკა 3.1%-ით უსწრებს. შესაბამისად, დანაკარგი, რომელიც 2020 წელს მივიღეთ ეკონომიკის შემცირებით, ფაქტობრივად, სრულად არის აღდგენილი. ჩვენი პროგნოზი, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა, სრულად გამართლდა. ჩვენი პროგნოზი ბევრად ზუსტი იყო, ვიდრე ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, რომლებიც უფრო კონსერვატორულ მაჩვენებლებს ვარაუდობდნენ.

დღეს მონაცემები დაზუსტდა – ჩვენ, გასულ წელს, გვქონდა არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მზარდი ეკონომიკის გარდა, მთავრობის სხდომაზე გართულებულ ეპიდვითარებაზეც იმსჯელეს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული პირების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლის მოწყობის საჭიროება არ დგას. ეპიდემიოლოგიური სტაბილიზაციისთვის კი, ჯანდაცვის სექტორი ოჯახის ექიმებისა და ონლაინ კლინიკების მეტ მობილიზაციას გეგმავს.

”კიდევ დავამატებთ ონლაინკლინიკებს. ამაში ჩართულია 2500 ოჯახის ექიმი და პრიორიტეტულად ახორციელებენ ისინი ზარებს და უკუკავშირს მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებსაც ქრონიკულ დაავადებები აქვთ და სხვა გართულებების რისკი სადაცაა. ხდება როგორც შემოსული ზარების აღრიცხვა, ასევე ადგილზე ტესტირებების შემდეგ ინფორმაციის სრულად მიწოდება.

რაც შეეხება საველე ჰოსპიტლის დადგმის საჭიროებას, დღეის მდგომარეობით და პროგნოზით ამის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ 8 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული და დაკავებულია 5 ათასი. იმის რესურსი ჯერჯერობით გვაქვს, რომ ზრდის შემთხვევაშიც ჰოსპიტალიზებულ ნაკადებს გავუმკლავდეთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მთავრობის სხდომის შემდეგ, ცნობილი გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილება იმპორტირებული მედიკამენტების GMP სტანდარტით სერტიფიცირების დაწესებაზე. საუბარი იყო თურქული მედიკამენტების შემოტანის საკითხზეც. მეზობელი ქვეყნიდან იაფი და ხარისხიანი წამლების შემოტანის ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend