მთავარისაქართველომინისტრთა კაბინეტმა დევნილების განსახლებასა და თურქული მედიკამენტების შემოტანაზე იმსჯელა

მინისტრთა კაბინეტმა დევნილების განსახლებასა და თურქული მედიკამენტების შემოტანაზე იმსჯელა

კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მინისტრის გარეშე, მთავრობის 24 იანვრის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2 შესარჩევი კომისიის შექმნის შესახებ ამცნო. ეს კომისიები სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებული სამსახურის ნაცვლად, ორი უწყების ხელმძღვანელების კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად თითოეული უწყებისთვის ორ-ორ ვარიანტს წარუდგენს. ვინ იქნებიან შესარჩევ კომისიაში, ამაზე პრემიერს არაფერი უთქვამს.

“უკვე შექმნილია კანდიდატების შესარჩევი ორივე საკონკურსო კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება და რომელში მეც მივიღებ მონაწილეობას კანონმდებლობის შესაბამისად. იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს მართმლსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ჰქონდეს. რაც შეეხება ეტაპებს, კონკურსის შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატისა. უკვე ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ 2 კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე 2 კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების განსახლების ორი ალტერნატივის შესახებაც. პრემიერა და ჯანდაცვის მინისტრების თქმით, ავარიულ შენობაში შესახლებულ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ. ან თავად აირჩიონ ბინა თბილისში, რომლის ფასიც კვადრატული 550 დოლარის ეკვივალენტი იქნება ლარში და სახელმწიფო მის შესყიდვას განახორციელებს, ან წლის ბოლომდე დაელოდონ ბინების მშენებლობის დასრულებას, მანამდე კი სახელმწიფო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს.

„ჯანდაცვის მინისტრის დავალებით სააგენტომ შეიმუშავა გეგმა და დევნილებს ორი გზა შესთავაზა: ერთ შემთხვევაში დევნილებს ბინის მოძიება თბილისში თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატულის ფასი იქნება 550დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო, მეორე გზა – დევნილ ოჯახებს აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ფარმაცევტულ სექტორს და მედიკამენტების იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, თურქეთიდან რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები. მისი თქმით, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, საქართველოში მედიკამენტებს მკვეთრად გააიაფებს.

„დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ჩვენ ახლა იმპორტიორებისგან მოლოდინი გვაქვს, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს. ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით, ჯანდაცვის მინისტრი აზარაშვილი ჩართულია აქტიურად. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, რომ დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან გააიაფებს მედიკამენტებზე ფასებს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მიერ წარდგენილი ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დოკუმენტიც დაამტკიცეს. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი ყველა უწყება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend