მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა – შეეცვალათ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე, პატიმრობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაუშვებლად ცნო.
მოშიმშილე ჟურნალისტის უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელსაც მოსამართლე წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას დაეყრდნო, გაყალბებულია.
მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა შუამდგომლობის წარდგენისას ევრონიუს ჯორჯიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ როდესაც ის მეორედ დაკავების შემდეგ განყოფილებაში შეიყვანეს, სისხლის სამართლის საქმეში ყალბი მტკიცებულებები გაჩნდა. მისივე განმარტებით, პოლიციელებმა შეადგინეს ოქმი, სადაც ეწერა, რომ დაკავებისას ჟურნალისტი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
მაია მწარიაშვილი აცხადებდა, რომ შუამდგომლობისთვის განსაზღვრულ მასალებს დაურთეს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ამ ბრალდებებს აბათილებს და როგორც ადვოკატი განმარტავდა, სასამართლოს მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველს აღარ უტოვებდა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლევან ყოლბაიას, გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელსა და უკანონოს უწოდებს.
„ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს“, – წერია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ამ განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. მათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13 თებერვალს მიმართეს.