თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტის, საბა სორდიას, სასამართლო პროცესი გაიმართა. მის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ზვიად ცეკვავა 17 აპრილს გამოაცხადებს. ჟურნალისტი ადმინისტრაციული პატიმრობიდან უკვე თავისუფალია.
დღევანდელ სხდომაზე საბა სორდიამ მისი დაკავების ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ დაკავების შემდეგ ჯერ პოლიციის მანქანაში, შემდეგ კი განყოფილებაში, მას სამართალდამცველები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.
„მითხრეს, რომ უნდა გადავემოწმებინე. ჯიბეში მქონდა პირადობა და მაშინვე მივაწოდე. ჩიქობავას ეჭირა, ზუსტად მახსოვს. ჩანთის გახსნა თვითონ დავიწყე.
შემდეგ ჩანთის შიდა ჯიბის გახსნა დაიწყო ერთ-ერთმა პოლიციელმა და ამას მოჰყვა ჩემი სიტყვიერი წინააღმდეგობა, რომ მე თვითონ გავხსნიდი, რაზეც ხან ხელი დამიჭირა, ხან რაღაც. ასევე, Go-pro მქონდა ჩანთაში, რომელიც თავიდან ამოვიღე. კამერაც მოხვდათ თვალში და ამასაც ცოტა უკმაყოფილება მოჰყვა.
.
დაკავების შემდეგ, როდესაც მანქანაში ჩამსვეს, სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. არ შეუგინებიათ, მაგრამ პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. შემდეგ, როცა განყოფილებაში ავედით, 1-2 წუთის განმავლობაში კიდევ გაგრძელდა შეურაცხმყოფელი ფრაზები. ასევე რამდენჯერმე Go-pro-ზე გავამახვილე ყურადღება, რადგან ერთი მაისის აქციების დროს წამართვეს და სათუთი ნივთია ჩემთვის.
რამდენჯერმე გავიმეორე Go-pro-ზე და მითხრეს, რომ კედელს მივანარცხებთო. მერე თქვეს, ხუმრობით ვთქვითო…” – თქვა ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე.
საბა სორდია 6 აპრილს მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.