მთავარიკუბიევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ

ევროკავშირი წლის ბოლოს აპირებს, რომ კიდევ უფრო გაამარტივოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიით, მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. სწორედ ამ საკითხს მოჰყვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს აქტიურად იყენებს შანტაჟის მექანიზმად. მაგალითად, „ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი, 61 ქვეყანა დააშანტაჟოს.

როგორც პარტია „ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, არ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს.

„ქართული ოცნების” წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს: „ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა „ოცნების”! ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან! ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!”

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია კი ამბობს, რომ „ქართული ოცნება” ცდილობს, შეაგუოს საზოგადოება იმას, რომ უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე არსებობს.

„გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში „ოცნება” ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის, ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად”, – წერს გიორგი გახარია.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წერს, რომ „ოცნების” წარმომადგენლების პროპაგანდისტული გზავნილის მიზეზი შეიძლება უვიზო რეჟიმის შეჩერების რეალური საფრთხე იყოს.

„„ქართულმა ოცნებამ” შეძლო ბევრი პროპაგანდისტული გზავნილის გატანა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო გზავნილი მაინც არ იმუშავებს. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება” ამით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ გზავნილს მიიღებს”, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend