მთავარისაქართველო„მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც მზად იქნება ქართული მხარე“ - მარია...

„მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც მზად იქნება ქართული მხარე“ – მარია ზახაროვა

თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, შემდეგ ამჯერად დიპლომატიური უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამაც ისაუბრა.

მან დადებითად შეაფასა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდას ითვალისწინებდა. მარია ზახაროვამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა, ხოლო მის მმართველობას „რეჟიმი“ უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რელიგია, ასევე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორობა აკავშირებთ.

„ჩვენს უწყებასა და უფლებამოსილ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არა ჩვენ, არამედ „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა“ გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ეს რეჟიმი ეცადა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების, ანუ ყველა ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ აგრესიის გამოხატვას. ახლა საქართველოში „სააკაშვილის რეჟიმი“ მკაცრი კრიტიკის ქვეშაა მოქცეული. თავად მიხეილ სააკაშვილი არაერთი დანაშაულის გამოა მსჯავრდადებული.

გასული წლის შემოდგომას, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქართული ხელისუფლების მხრიდან გაისმა ჯანსაღი და პერსპექტიული განცხადებები სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასთან დაკავშირებით. რამდენადაც მესმის, თბილისს იგივე განზრახვა აქვს აფხაზეთისადმიც. ცხადია, ეს პოზიტიური გზავნილებია. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქცევა კონკრეტულ ნაბიჯებად საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მხრივ.

ჩვენ ახლაც და მომავალშიც მზად ვართ, განვავითაროთ ყოვლისმომცველი თანამშრომლობა საქართველოსთან. ამისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს. საქართველოსთვის რუსეთი რჩება საკვანძო სავაჭრო პარტნიორად, მათ შორის მეღვინეობის მიმართულებით. მეორე მხრივ, რუსეთი რჩება საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვან მიმწოდებლად. რუსეთსაც და საქართველოსაც აერთიანებთ ისტორია. არანაკლები მნიშვნელობისაა კულტურა, რელიგია და ჰუმანიტარული კავშირები.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს. საქმე გვაქვს იმ ადამიანის მემკვიდრეობასთან, რომელიც საკუთარ ქვეყანაშიც კი „ავანტიურისტადაა“ აღიარებული. ამავენაირად ახასიათებდნენ მას საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც იძიებდნენ 2008 წლის მოვლენებს. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური ურთიერთობების  აღსადგენად. მზად ვართ, იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც იქნება ქართული მხარის მზაობა. ამ მხრივ, ჩვენთვის შეზღუდვები არ არსებობს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ამავე შინაარსის განცხადება 14 აპრილს კრემლის სამთავრობო გამოცემა „იზვესტიასთან“ საუბრისას გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმაც. ინტერვიუში დიპლომატმა თქვა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიაროს აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ არ შეიცვლებოდა და წუხდა, რომ საქართველო ამ საკითხს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას უკავშირებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend