საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შესაძლოა შეჩერდეს, ან გაუქმდეს. ეს საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” დასავლურ დემოკრატიასთან შეუსაბამო კანონები მიიღო.
მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეფასებით, უვიზოდ მიმოსვლა კარგია, მაგრამ თუ პატრიოტიზმს შეეხებიან, ქართველები პატრიოტიზმს აირჩევენ.
„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია. თუმცა თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.
ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ასეთი განცხადებებით „ქართული ოცნება” მოსახლეობას წინასწარ ამზადებს უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საკითხზე.
თუმცა ამბობენ, რომ ეს ქართველი ხალხის მონაპოვარია და მას საქართველო შეინარჩუნებს.
„უვიზო მიმოსვლა არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა „ოცნების!“ ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან! ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია! ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!“ – სოციალურ ქსელში წერს „ლელო- ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.