პარიზიდან ვაშინგტონში გამგზავრებამდე აეროპორტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია უკვე იმ ეტაპზეა, რომ რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს, როგორ განვითარდება ომთან დაკავშირებული მოვლენები.
რუბიოს თქმით, ეს არ არის აშშ-ის ომი, ამიტომ მიუხედავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობისა, მალე უნდა გაირკვეს, არის თუ არა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესაძლებლობა. მისივე თქმით, თუ ეს არ გამოჩნდა, აშშ ამ ომს უნდა გაეცალოს.
„თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, უნდა გავეცალოთ. ახლა ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ და მე ვსაუბრობ დღეებზე, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება. თუ ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან, რომ ეს არ მოხდება… ვფიქრობ, ალბათ, პრეზიდენტი იმ ეტაპზეა, იტყვის, რომ ჩვენ დავასრულეთ.
ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარება უკრაინას და ჩვენ გვსურს ამ ომის დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა 87 დღე გაატარა ამ მთავრობის უმაღლეს თანამდებობაზე და არა ერთი ძალისხმევა გასწია ამ ომის დასასრულებლად. ახლა ჩვენ მივაღწიეთ იმ ეტაპს, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ და განვსაზღვროთ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ორივე მხარესთან“, – განაცხადა რუბიომ.