უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების სამუშაო ვერსიას ხელი მოეწერა.
ხელმოწერის პროცესის ამსახველი ფოტოები უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. მან აღნიშნა, რომ ამ მემორანდუმის ხელმოწერამ მხარეებს შორის ეკონომიკურ პარტნიორობას გზა გაუხსნა. აგრეთვე, მისივე თქმით, შეთანხმების საბოლოო ფორმა უკრაინის აღდგენისთვის საინვესტიციო ფონდის შექმნასაც ითვალისწინებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლოს მიაღწევენ. შეერთებული შტატების მხრიდან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა მოაწერა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს იმაზე, თუ რა შინაარსისაა ეს შეთანხმება, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ პროცესის დასრულების შემდეგ მეტი დეტალის გაზიარება შეეძლება.