ოთხ საუკუნეზე მეტია, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები აღდგომის თარიღის დასადგენად განსხვავებულ ხერხს იყენებენ და შესაბამისად, თუ საქმე იშვიათ დამთხვევასთან არ გვაქვს, დღესასწაულსაც სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. წელს ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული წელია – მართლმადიდებელი და კათოლიკე მორწმუნეები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს ერთად ზეიმობენ.
მეტიც, უმაღლესი სასულიერო პირები, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, პაპი ფრანცისკეც, გამოთქვამენ სურვილს, რომ თარიღი მომავალშიც საერთო იყოს.
ნიკეის ისტორიული საეკლესიო კრების 1 700 წლისთავზე, ვიდრე პაპს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მან აღდგომის დღესასწაულის წლევანდელ თარიღზე ისაუბრა. მისი მიდგომა და ლოცვა კათოლიკური და მართლმადიდებლური ერთიანობისადმი ახალი არ არის.
აქამდეც, მაგალითად 2014 წელს, თურქეთში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა პაპმა მედიასთან განაცხადა, რომ აღდგომის დღესასწაულის ერთდროულად აღნიშვნა ორი უდიდესი ქრისტიანული კონფესიისთვის ლოგიკური იქნებოდა.
ამ დამოკიდებულებას იზიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსიც – იგი ინიციატივას „ძველი უთანხმოებების გამოსწორებისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯად“ მიიჩნევს.
აღდგომის ერთად აღნიშვნის იდეა 1960-იანი წლებიდან განიხილება. პერიოდულად დისკუსია განსაკუთრებით აქტიურდება ხოლმე და ეს მაშინ ხდება, როცა მართლმადიდებლებისა და კათოლიკეებისთვის აღდგომა ერთსა და იმავე თარიღს ემთხვევა.
მთავარი დაბრკოლება საერთო თარიღის ინიციატივისთვის მუდმივად ერთი იყო – რომელიმე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო.
საკითხის გადასაწყვეტად ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს კომპრომისს სთავაზობს. ეს შეთავაზება თანამედროვე ასტრონომიის გამოყენებას, იერუსალიმის დროზე დაფუძნებულ გამოთვლასა და საუკუნეების წინ დადგენილი ძირითადი წესის დაცვას მოიცავს.
„ეს არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლაა, რადგან ჩვენ პოლარიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ და მთელი მსოფლიოს ხალხები ერთიანობისა და ამ პოლარიზაციის დაძლევისკენ ისწრაფვიან“, – აღნიშნავს ეპისკოპოსი ჰაინრიხ ბედფორდ-სტრომი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან.
კონსენსუსთან დაკავშირებული სკეპტიკური განწყობები მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას ემყარება.
14 აპრილს ათენის ერთ-ერთ ეკლესიაში გამართულ წირვაზე მართლმადიდებელმა მღვდელმა, მამა ანასტასიოსმა მრევლს უთხრა, რომ ერთიანობას მხოლოდ მიესალმება – თუმცა სიფრთხილით, და საკუთარი პოზიცია ამგვარად ახსნა:
„წარსული გვიჩვენებს, რომ რომის კათოლიკური ეკლესია ყოველთვის ისწრაფოდა ერთიანობისკენ, რაც ჩემი აზრით, არ ყოფილა არსებითი. თუმცა ვაჭრობა ყოველთვის იყო. იგი ისწრაფოდა ერთიანობისკენ, რომელიც აჩვენებდა მის უპირატესობას და არა გაერთიანების ჭეშმარიტ განზრახვას“, – ამბობს მართლმადიდებელი მღვდელი, ანასტასიოს სანიდასი.
„ახლა, როცა ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა უფრო მარტივი და მეტად მეგობრულია, განსაკუთრებით პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ ბართლომეოსს შორის, ვიმედოვნებ, რომ ამდენი ხნის შემდეგ შეთანხმებას მივაღწევთ“, – ამბობს კათოლიკე მთავარეპისკოპოსი თეოდოროს კონტიდისი.
1970 წლიდან საბერძნეთში კათოლიკეები აღდგომას მართლმადიდებლებთან ერთად აღნიშნავენ. კუნძულ სიროსის კათოლიკური ეკლესიის მრევლი, 67 წლის ჯოზეფ რუსოსი, რომელიც გასულ თვეში ვატიკანში პირველად გაემგზავრა, იხსენებს დროს, როცა საბერძნეთში ქრისტეს აღდგომას ორი ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები ცალ-ცალკე ზეიმობდნენ.
„ეკლესიის ზარები მწუხარედ რეკდნენ ორი წმინდა კვირის განმავლობაში: ჯერ კათოლიკეებისთვის, შემდეგ კი, ქრისტიანებისთვის. ეს სასიამოვნო არ იყო. მაგრამ, როცა ეს შეიცვალა, დიდებული ჰარმონია მოიტანა. დღეს აღდგომას ერთად აღვნიშნავთ და ეს მშვენიერია. იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება“, – ჯოზეფ რუსო, კათოლიკე პილიგრიმი საბერძნეთიდან.