ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გირაოს გადახდის ვადად მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 30 დღიანი ვადა განუსაზღვრა. ამასთან, საქმის წარმოების დასრულებამდე ირაკლი ოქრუაშვილს ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
„ჩვეულებრივი ცირკია. არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს. საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს. თუ რამის გამოძიება უნდოდათ, აქამდე გამოეძიებინათ. 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ყველა საქმეზე გასულია“, – ასე უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა კითხვას, თუ რატომ არ მივიდა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე.
ირაკლი ოქრუაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად შექმნილმა კომისიამ 26 მარტს დაიბარა. ოქრუაშვილმა კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი ჩვენების მისაღებად თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს, სადაც საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.