საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომის ფორმატში დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჯამა ყველა ის საქმიანობა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან გასწია. ამ კონტექსტში მან ძირითადად ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მიმართული იყო საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისკენ.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ახალ „საარჩევნო კოდექსზეც“. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ამ საკანონმდებლო პაკეტს კონკრეტული პირები მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებდნენ, რომ „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება“.
ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა მორიგ ჯერზე გააკრიტიკა ევროკავშირი და საქართველოსადმი ევრობლოკის პოლიტიკას უსამართლო უწოდა:
„ვუყურებთ რა, ევროპაში არსებულ ტენდენციებს და პატრიოტული ძალების მომძლავრებას, დარწმუნებული ვარ, რომ ის უმცირესობების მთავრობები, რომლებიც თავს ახვევს ზოგიერთს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს, საკუთარ ხალხს მოუსმენენ და ყრუ კედელი ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ბიუროკრატიასა და ევროპელ ხალხს შორის დაინგრევა.
ვიმედოვნებ, ევროპული ბიუროკრატია საკუთარი ხალხის სურვილს მიჰყვება, რომ ევროპა იყოს მშვიდობის სივრცე და არა გამალებული შეიარაღების და მესამე მსოფლიო ომისთვის მზადების სივრცე, ევროპა იყოს ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე და არა ეკონომიკური დაღმასვლის სივრცე, ევროპა იყოს ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე და არა გამოგონილი იდეოლოგიების საკუთარ სივრცეში გავრცელებისა და სხვა ქვეყნებისთვის თავსმოხვევის სივრცე…“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, ანუ 2026 წლის 3 თებერვალს, განახლდება.

