18 დეკემბერს ბულგარეთის დედაქალაქისა და ქვეყნის სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი ითხოვდნენ სამართლიან არჩევნებსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელიც, მათი აზრით, საბოლოოდ აღმოფხვრის ფართოდ გავრცელებულ კორუფციას.
დემონსტრაციები გასულ კვირას მთავრობის ბიუჯეტის პროექტის გამო წამოწყებულ საპროტესტო ტალღას მოჰყვა. აქციის მონაწილეები გადასახადებისა და მთავრობის ხარჯების ზრდას აპროტესტებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მოგვიანებით უკან გაიწვია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, პოლიტიკური კრიზისი მაინც გაღრმავდა, საბოლოოდ კი მთავრობა გადადგა.
ანტუანეტა კვიკმა განაცხადა, რომ მომიტინგეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ იმავე პოლიტიკურ ფიგურებს არ მიეცეთ დაბრუნების შესაძლებლობა.
„ჩვენ ცვლილებების იმედი გვაქვს. სწორედ ამიტომ ვართ აქ – ძალიან დავიღალეთ იმით, რომ არაფერი იცვლება. ყველგან ტყუილი და კორუფციაა. საკმარისია! ხალხი მზადაა, დაიცვას თავისი უფლებები ნებისმიერი საშუალებით“. – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ანტუანეტა კვიკი.
ბოლო მოვლენების გამო ევროკავშირის წევრი ქვეყანა მომავალი წლის ბიუჯეტისა და მთავრობის გარეშე დარჩა. მოვლენები ბულგარეთის ევროზონაში გაწევრებამდე რამდენიმე კვირით ადრე განვითარდა.
პრეზიდენტი რუმენ რადევი ახლა დროებით მთავრობას დანიშნავს და შემდეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღს გამოაცხადებს. ეს არჩევნები 2021 წლის შემდეგ რიგით მერვე იქნება.
მომიტინგეებს სურთ, თავისუფალი არჩევნები ამომრჩევლის მოსყიდვის, მანიპულაციებისა და შედეგების გაყალბების გარეშე ჩატარდეს.
მათი თქმით, სასამართლო სისტემაც მხოლოდ კონკრეტული პირების მიზნებს ემსახურებოდა. მათ გენერალური პროკურორის გადადგომაც იმიტომ მოითხოვეს, რომ ის ოლიგარქების ინტერესს ითვალისწინებს.
„ჩვენ მოვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ახალ ბიუჯეტს. ისინი უკვე მესამედ ცდილობენ იმავე ბიუჯეტის დამტკიცებას.. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ძველ პოლიტიკურ ფიგურებს, პეევსკის, ბორისოვსა და მათ გარემოცვას, რომელთა წინააღმდეგიც მთელი ბულგარეთია, საბოლოოდ შეგვეშვან. ხალხი მზადაა, ქუჩაში გავიდეს, თუნდაც სადღესასწაულო პერიოდში. ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ყოველ საღამოს აქ ვიდგეთ. ჩვენ არ დავნებდებით. სასწრაფოდ არის საჭირო ცვლილებები“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ანტუანეტა კვიკმა.
6.4 მილიონი მოსახლეობის მქონე ბალკანეთის ქვეყანა 1 იანვარს ეროვნულ ვალუტას, ლევს, ევროთი შეცვლის და ევროზონის 21-ე წევრი ქვეყანა გახდება.
ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდა.

