ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ, ხმათა 57.66%-ით გაიმარჯვა.
მისი მეტოქე, პროევროპულად განწყობილი პოლიტიკოსი და ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი მას დაახლოებით 13%-ით ჩამორჩება.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბულგარეთის ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს არჩევნებზე მივიდა და საკუთარი საარჩევნო უფლება გამოიყენა. არჩევანის გაკეთების უფლება ადამიანის ერთ-ერთი უდიდესი უფლებაა.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს გუნდს - მე და ბატონ ვალჩევს, რომელიც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და ახლა უკვე ვიცე-პრეზიდენტია.
მადლობა მათაც, ვინც მხარი არ დაგვიჭირა, თუმცა დღეს არჩევნებზე მაინც მივიდა. მათი ხმა და არჩევანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებლად მოვუსმენთ მათ სათქმელს.
მადლობა იმ აქტიურ მოქალაქეებსაც, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ, თუმცა ხმა არავის მისცეს. ჩვენ ძალიან სერიოზულ ანალიზს ჩავატარებთ და ვუპასუხებთ მათ შეშფოთებასა და იმედებს.
დიდ მადლობას ვუხდი „პროგრესულ ბულგარეთს“.
ძვირფასო ბატონო რადევ, თქვენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი“, - განაცხადა ილიანა იოტოვამ.
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა იმ ფონზე, როდესაც შავ ზღვაში, ქვეყნის სანაპიროს სიახლოვეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დრონების მონაწილეობით რამდენიმე მძიმე ინციდენტი მოხდა.
კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში რუსეთის საკუთრებაში იყო, თავს დაესხნენ შავ ზღვაში მცურავ კომერციულ ხომალდებს. მომხდარში სოფიამ მოსკოვი დაადანაშაულა და მოუწოდა, უზრუნველყოს გემების უსაფრთხო გადაადგილება.
მიუხედავად მსგავსი ინციდენტებისა, ილიანა იოტოვა პოზიციონირებს როგორც „მშვიდობის პრეზიდენტი“ და ემხრობა უკრაინის საკითხზე მოსკოვთან დიალოგს, ასევე ეწინააღმდეგება კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას, თუმცა, ამავე დროს, მხარს უჭერს ბულგარეთის ევროკავშირსა და NATO-ში წევრობას.
მიმდინარე წლის იანვარში იოტოვამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც რუმენ რადევმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად, პრეზიდენტის სავარძლის დატოვებაზე განაცხადა.
რადევიც კრემლისადმი ლოიალურ პოლიტიკოსად განიხილებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მოსკოვისადმი მისი რიტორიკა შედარებით ხისტი გახდა.
მოქმედი პრემიერ-მინისტრისა და ახლადარჩეული პრეზიდენტის საგარეო კურსს აკრიტიკებს არჩევნებში იოტოვას მეტოქე ანდრე გიუროვი, რომელიც პროუკრაინულად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ „ბულგარეთი არ შეიძლება განზე დარჩეს, როდესაც შავ ზღვაში მზარდია არასტაბილურობა და დაძაბულობა“.
მისივე თქმით, ამ რთულ პერიოდში სოფიამ „უნდა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან და მზად იყოს შესაძლო ესკალაციისთვის“.
ბულგარეთი, რომლის მოსახლეობაც 6,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას და რუსეთის გავლენის ქვეშ რჩებოდა.
რადევის მმართველობის პერიოდში ქვეყანამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად მიიღო სტაბილური მთავრობა, თუმცა, ამავდროულად, ბულგარეთმა დასავლეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უკან დახევა დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ილიანა იოტოვა ვერ შეცვლის იმ მოცემულობას, სადაც ბულგარეთი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოა, შესაძლოა, სოფია გახდეს მისი დასავლელი პარტნიორებისთვის პრობლემების ახალი წყარო, როგორც ეს უნგრეთის შემთხვევაში, ორბანის ხელისუფლების დროს ხდებოდა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ბულგარეთიც უნგრეთის მსგავსი პოლიტიკური მოწყობის სახელმწიფოა - პრეზიდენტს მეტად „ფასადური“ როლი აკისრია, ძირითადი პასუხისმგებლობა კი პრემიერ-მინისტრზეა.
ორტურიანი და დაბალი აქტივობის მქონე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ორივე თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსი, ფაქტობრივად, ყველა საკითხში ერთ აზრს ინარჩუნებს.
