17 დეკემბერს ვენესუელის კონგრესის წევრები ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილებას. გამართულ კენჭისყრაზე კანონმდებლებმა უარყვეს დონალდ ტრამპის ბრძანება, რომელიც ვენესუელაში შემავალი სანქცირებული ნავთობტანკერების ბლოკირებას ითვალისწინებდა.
ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყანა უფრო მეტად გაანადგუროს.
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა, რაც ვენესუელის მთავრობამ მეკობრეობად შეაფასა.
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 17 დეკემბერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და, შესაბამისად, საკუთარი უფლებების ფარგლებში ვმოქმედებთ, ჩვენ ვიცავთ იმას, რაც ყველაზე წმინდაა ქვეყნისთვის: მომავლის უფლებას შვილებისთვის, ოჯახებისა და ხალხისთვის. ომი? ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ გვინდა. შეერთებულ შტატებში მოქალაქეების უმრავლესობა ნებისმიერი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია. შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ ინტერვენცია უნდა დასრულდეს“, – ამბობს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო.
16 დეკემბრის საღამოს ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება ბლოკადის შესახებ. ამავე პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვენესუელა ნავთობს ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა დანაშაულის დასაფინანსებლად იყენებს. მან პირობა დადო, რომ სამხედრო ძალებს გააძლიერებს მანამ, სანამ ქვეყანა შეერთებულ შტატებს ნავთობს, მიწას და აქტივებს არ გადასცემდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ აქვს შეერთებულ შტატებს პრეტენზია ამ აქტივებსა და ბუნებრივ რესურსებზე.
„დღეს ვესაუბრე გაეროს გენერალურ მდივანს. მე მას გარკვევით ავუხსენი, როგორ მიმართავენ აგრესიასა და მუქარას. ვუთხარი ისიც, რაც გუშინაც და დღესაც განაცხადა შეერთებულმა შტატებმა, რომ რესურსები მათი საკუთრებაა და რომ ჩვენ, ვენესუელელები, მათ ნავთობს ვიპარავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვენესუელის ნავთობი მათ ეკუთვნით, ვენესუელის მინერალები, ოქრო და ყველაფერი მათია. ეს აქამდე არასდროს გვსმენია. თურმე ვენესუელის მიწებიც მათია და ჩვენ ისინი დაუყოვნებლივ უნდა დავუბრუნოთ“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
ზოგიერთი ვენესუელელი ღელავს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ნაბიჯს. სხვებს მიაჩნიათ, რომ ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, რომლისთვისაც უცხო არ არის პოლიტიკური და ეკონომიკური არეულობა.
„თუ ამ ქვეყნის ძირითადი შემოსავალი ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული და ისინი ნავთობის ექსპორტს ბლოკავენ, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს მომდევნო თვეებში“, – ამბობს უძრავი ქონების სპეციალისტი ანა დელ კასტილიო.
„ეს არის ის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ, ვენესუელელები, ვცხოვრობთ. ვიმედოვნებთ, რომ ასე თუ ისე, ცვლილებები მოხდება, თუმცა ამან არ უნდა დაგვაზიანოს. ეს ცვლილებები ვენესუელელების საკეთილდღეოდ უნდა იყოს“, – აცხადებს ინჟინერი დიოგენეს მარტინესი.
ვენესუელის მთავრობამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. მან დონალდ ტრამპი სამხრეთამერიკული ქვეყნის მიმართ უგუნურ და სერიოზულ მუქარასა და საერთაშორისო სამართლის, თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.

