კანონის უზენაესობის გაუარესება, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, რეპრესიული კანონები, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, ანტიევროპული რიტორიკა, დემოკრატიული უკუსვლა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეფასებიდან, რომელიც საქართველოს შესახებ გუშინ, 17 დეკემბერს, ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან ისმოდა.
ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავებაზე დებატები გაიმართა, სადაც აღინიშნა, ევროსტრუქტურებში მხარს უჭერენ ქართველი ხალხის გულწრფელ სურვილს ევროპული მომავლისკენ, თუმცა ითქვა ისიც, რომ არსებული მმართველობის პირობებში ქვეყანა ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ არსებულ მოლოდინს და ევროინტეგრაციის პროცესი ამგვარად ჩიხშია შესული.
„ჩვენ ვგმობთ განგრძობად დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში, აგრეთვე ანტიევროკავშირისეულ რიტორიკას, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. მე უკვე გავუსვი ხაზი იმ პასუხებს, რომლებიც ამ მხრივ კომისიის მხრიდან გადაიდგა, ესაა ორმხრივი დახმარების შეჩერება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა მთავრობისთვის.
წლის ბოლომდე ძალაში შევა უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი, დისკუსიები მიდის პოტენციურ სანქციებზე მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ამასთან უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველოს ევროპული მომავლისთვის ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მტკიცე ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ.
ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით. განვაგრძობთ სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერას. უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს ევროკავშირის განგრძობადი მხარდაჭერის შესახებ, იმ დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, რომელთაც ჩვენ ევროკავშირში ვიცავთ და ასევე იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთა შეთავაზებაც ევროკავშირს მათთვის შეუძლია.
„ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო დემოკრატიულ ნორმებს შორდება. ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატურ თავდასხმას ვხედავთ. მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, რომ გააგრძელონ დემოკრატიული ევროპული მომავლის მოთხოვნა. პოლიტიკური და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული კრიზისი კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაფართოების ანგარიში აღიქვას, როგორც შესაძლებლობა, რათა შეცვალოს კურსი, ნდობა აღადგინოს და ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი მათ ხელშია”, – აღნიშნა ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და მომხმარებელთა დაცვის საკითხებში, მაიკლ მაკგრატმა.
სიტყვით გამოსვლისას ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან კრიტიკა ისმოდა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ევროკავშირის მიმართაც, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევაში სდებდნენ ბრალს და მოუწოდებდნენ ეღიარებინა ქვეყანასთან დაკავშირებით დაშვებული შეცომები. როგორც ევროდეპუტატების ნაწილი თვლის, საქართველოში განვითარებული მოვლენები იმის ბიძგი უნდა გახდეს, რომ სამეზობლო თუ გაფართოების პოლიტიკა უფრო მკაფიო პრინციპებს დაეფუძნოს. დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საკითხებში ევროკომისართან ერთად ევროპარლამენტში მოუსმინეს ასევე ევროპული საკითხების დანიელ მინისტრს. დანია ამჟამად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა.
„ევროკავშირი დაფუძნებულია ადამიანური ღირსების პატივისცემაზე, თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ხარისხზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანების უფლებების პატივისცემაზე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს ამ ღირებულებებს და უარს არ ამბობს საკუთარ არჩევანზე ევროპის სასარგებლოდ. ჩვენ ხელი უნდა გავუწოდოთ მათ, ეს კი გულისხმობს საქართველოში დემოკრატიული აქტორების მხარდაჭერას, ასევე საქართველოს სტრატეგიულ დაკავშირებადობაში ინვესტიციას, როგორც წყალქვეშა კაბელის შემთხვევაში გავაკეთეთ, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონს ევროპასთან აკავშირებს. ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არ დანებებულა და ვდგავართ ათასობით ქართველის გვერდით, რომლებიც დემოკრატიულ უფლებებს იცავენ ქვეყანაში. პოლიტიკური ზეწოლის, დაშინებისა და საჯარო სივრცის შევიწროების მცდელობების მიუხედავად, ბევრმა განსაკუთრებული მედეგობა გამოავლინა, ევროკავშირმა, მათ შორის ამ პარლამენტმა, რამდენჯერმე გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება დემოკრატიულ უკუსვლაზე საქართველოში. ჩვენი წუხილია: კანონის უზენაესობის გაუარესება, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება, დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები და 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარება. ასევე შეშფოთებულები ვართ მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
წელს ასევე დავინახეთ პარლამენტებს შორის რეგიონული თანამშრომლობისგან საქართველოს დაშორება, ისეთ დროს, როდესაც დიალოგი ყველაზე საჭიროა. საბჭოში მიმდინარე საუბრები ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნისგან ევროკავშირის მოლოდინს. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას შეაბრუნოს თავისი კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ეს საჭიროებს: ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და აქტივისტის გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და გამძლე რეფორმების განხორციელებას, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის პრინციპებს შეესაბამება და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული ნარატივის შეჩერებას. ქართველი ხალხის სიმამაცე გვახსენებს, რომ საქართველოში ევროპული ღირებულებები ცოცხალია. საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება”, – აღნიშნა დებატებზე დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მარი ბიერემ.

