დღეს, 18 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაა ჩანიშნული. 27 წევრი სახელმწიფოს სტრატეგიული დისკუსიის მთავარი საკითხი უკრაინა იქნება.
კერძოდ, რას განიხილავენ სამშვიდობო პროცესში, როგორ შეუძლია ევროპას დაეხმაროს კიევს და ასევე მიიღოს იმგვარი ფინალური დოკუმენტი, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას ხანგრძლივი ვადით დაიცავს. ამ დროისთვის ევროკავშირმა კიევს 187 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაუწია, უკვე განსაზღვრულია უკრაინის საჭიროებები 2026-2027 წლებისთვის.
ევროკავშირის საბჭოზე განიხილება ევროკავშირის გაფართოების პროცესიც, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირები ისაუბრებენ და შეაფასებენ კანდიდატი ქვეყნების პროგრესსა თუ რეგრესს. იმსჯელებენ საქართველოზეც, რომლის მთავრობის ქმედებებიც, ევროკავშირის საბჭოს ბოლო დასკვნით, არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნის მიმართ ბლოკის მოლოდინებს. 38-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლაა აღნიშნული და მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას”, რომ დაუბრუნდეს ევროპულ კურსს, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული პირები, ასევე გააუქმოს რეპრესიული კანონები.
დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა ევროკავშირის უცვლელი პოლიტიკაა, რაც მათივე მოსაზრებით, კანდიდატ ქვეყნებზე ტრანსფორმაციულ ეფექტს ახდენს.
დღესვე განიხილება ბლოკის შიდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური დღის წესრიგი, კერძოდ, ყოველწლიური ფინანსური ჩარჩო და ასევე გეოეკონომიკური ვითარება ევროკავშირში. განხილვის თემა იქნება ახლო აღმოსავლეთი, ევროპული თავდაცვა და მიგრაციაც. ევროკავშირის საბჭოს შეკრება 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ხვალ, 19 დეკემბერს, დასრულდება.


