კატეგორიები

ბრიუსელში საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების ორდღიანი შეხვედრა გრძელდება, სადაც ევრობლოკის 27-ვე ქვეყნის ლიდერები კონტინენტის წინაშე მდგარი ძირითადი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ საუბრობენ.

დიპლომატების სასაუბრო თემებს შორის არის ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უკვე გამოქვეყნებულია „გაფართოების შესახებ“ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, ასევე ევროკავშირის საბჭოს შეფასება.

ორივე დოკუმენტის მიხედვით, ცნობილია, ევრობლოკში გაწევრების მხრივ, რა ეტაპზე არიან კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოები.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. მას ის არ მიჰყავს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, ქართველი ხალხისადმი ჩვენი მკაფიო გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. თუმცა, ვიდრე ხელისუფლება დგამს არასწორ ნაბიჯებს, ჩვენ არ ვაპირებთ წინსვლას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში“ – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას შეფასებით, საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას:

„სამწუხაროდ, ის, რაც ხდება საქართველოში, არ შეესაბამება დემოკრატიისა და დემოკრატიული წესების ევროპულ გაგებას. ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვარ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესებით, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად საქართველო ლიეტუვასგან საკმაოდ შორს არის, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ემოციური, ისტორიული, კულტურული კავშირები და სამწუხაროა, რომ საქართველო კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროკავშირს.

ვიდრე ისინი [საქართველოს ხელისუფლება] არ გააცნობიერებენ, რომ მათ პატივი უნდა სცენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას, ვფიქრობ, ვითარება საკმაოდ რთული იქნება. ეს იმედგამაცრუებელი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელიც ელის, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას განაგრძობს.“

ბრიუსელის კრიტიკის ფონზე, თბილისში ელიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ ბლოკის სხვა წევრებისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვს უნგრეთს. ვიქტორ ორბანის ხელისუფლება თავად აკრიტიკებს ბრიუსელის მიდგომებს როგორც კანდიდატი სახელმწიფოების, ისე ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების მიმართ.

ბუდაპეშტი არც დანიის თავმჯდომარეობით, ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტს შეუერთდა.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ საქართველოში კვლავ პრობლემურია დემოკრატიის სტანდარტებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები.

ამ ფონზე კი განსაკუთრებით საყურადღებოა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზოდ გადაადგილების შესაძლო შეჩერებაზე, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების ერთ-ერთი ძირითად მიზეზად ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაც განისაზღვრა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები