პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგრადში იმყოფება.
„სერბეთის სასახლეში“ ის უკვე შეხვდა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელთანაც განიხილა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. მოგვიანებით, მიხეილ ყაველაშვილმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირთან არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ბრიუსელს კანდიდატი სახელმწიფოების მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ამ მხრივ, საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა როგორც ქართულ, ისე სერბულ მხარეს:
„ჩვენმა საზოგადოებამაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ არსებული ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს არც თუ ისე სახარბიელოა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც „ევრობიუროკრატიის“ ხელმძღვანელებს ჩვენს ქვეყანასთან აქვს, არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი. ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, სერბეთისთვის. ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა. თვე არ გავა, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო არ ფიგურირებდეს განვითარების კუთხით. ეს ეხება ეკონომიკურ საკითხებს, გამჭვირვალობას, სასამართლო სისტემას და ა.შ.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ევრობიუროკრატია“ იქნება სამართლიანი შთამომავალი იმ ევროპის, რომლის ნაწილიც ჩვენც და სერბი ხალხიც არის. ევროპა არის ყველა ქვეყნისთვის მიმზიდველი მხარე. მისი ისტორია იძლევა იმის შესაძლებლობას და წარმოდგენას, რომ განსხვავებული დამოკიდებულება უნდა იყოს და ჩვენი სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრები, პირველ რიგში, ემყარება სწორედ იმ სამართლიან პრინციპს, იმ ღირებულებებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ევროპაში.
ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ამ მიმართულებით და ფუნდამენტურ ღირებულებებს დაიბრუნებს ევროპა, ევროპელი ხალხი და ისევ გახდება ძლიერი და მიმზიდველი რეგიონი“.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქართული მხარე მზად არის ევროკავშირთან თანამშრომლობისა და დიალოგისთვის, რომელსაც ის „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს“ უწოდებს:
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ვიყოთ ღია იმისთვის, რომ უფრო მეტი პროგრესი იყოს ჩვენს და ევროპულ ქვეყნებს შორის…“
თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელსაც, მისი მტკიცებით, „უზარმაზარი ზრდის მაჩვენებელი აქვს“:
„თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ფოტოები დემონსტრაციების, პროტესტების, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. 9,4%-იანი ზრდა – მაჩვენეთ ევროპაში ქვეყანა, რომელსაც ასეთი ზრდა აქვს და მინდა მივულოცო საქართველოს, საქართველოს ხალხს და სახელმწიფოს ასეთი შედეგისთვის, თქვენ იქნებით მისაბაძი მოდელი მომავალი წლისთვის რეგიონში…“
ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, „მალე დაიწყება განხილვები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით“ და თბილისში გაიხსნება სერბეთის საელჩო, რომელიც იქნება „ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა“.
მოგვიანებით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და
სერბეთის პრემიერ-მინისტრის, ჯურო მატუცის, ასევე ქვეყნის ეროვნული კრების თავმჯდომარის, ანა ბრნაბიჩის შეხვედრები.
პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, ბელგრადში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. სერბეთის დედაქალაქში შეხვედრებს ასევე ესწრებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები და საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში.
ქართული მხარის ვიზიტი ბელგრადში 19 დეკემბერს დასრულდება.
