„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც მმართველი პარტია „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის“ შექმნას გეგმავს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივით „ქართული ოცნება“ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების „სტიგმატიზებასა და გარიყვას“ აგრძელებს და ამ საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ძირითად პრინციპებს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმად, ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რომელსაც კანონი ქმნის, „ფსიქიკურ ჯანმრთელობასა თუ ადიქციასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკური ნიშნით ინსტრუმენტალიზებაა“.
ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავსი კანონი რუსეთშიც მიიღეს და სპეციალური რეესტრი, რომელშიც ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია იქნება მოცემული, 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება. საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოშიც სწორედ ამ დროისთვის არის გათვალისწინებული „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიითა და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა” ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ჩამოყალიბებისა და დანერგვის მიმართულებით მრავალწლიანი ადვოკატირების მიუხედავად, საკანონმდებლო ჩარჩო და პრაქტიკა მნიშვნელოვნად უარესდება. იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერის სერვისში ჩართვა იყოს წახალისებული, რის საჭიროებასაც, რამდენიმე წლის წინ თვითონ პარლამენტი აღნიშნავდა, ხოლო სერვისის მიმღებებს ჰქონდეთ უსაფრთხოების განცდა, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც კონფიდენციალურობაა, სისტემა ჯანმრთელობის ცალკეულ მდგომარეობას სტიგმატიზაციის წყაროდ აქცევს და კიდევ უფრო მეტად უშლის ადამიანებს ხელს, მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი სერვისები. ამასთან, მიღებული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად გაზრდის აქტივისტებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისა და მათი შევიწროების რისკებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად აქცევს“, – ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებაში.


