საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი, რვაკილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. კერძოდ, მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ლანჩხუთი–ლესას 8-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი. ამ მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი. გახსნის ცერემონიას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯამში ქვეყნის მასშტაბით უკვე აშენებულია 383 კილომეტრი მაგისტრალური გზა.
„კიდევ ერთხელ უნდა შევადაროთ ჩვენი მონაცემები წინა ხელისუფლების მონაცემებს: სულ 68 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული 2012 წლამდე საქართველოში. 2012 წლის შემდეგ აშენდა 315 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქ საქმე გვაქვს ბევრად უფრო რთულ მონაკვეთებთან, რომელთა მშენებლობა უწევს ჩვენს ხელისუფლებასა და კონკრეტულად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს ციფრები საუკეთესოდ აჩვენებს სხვაობას და აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას საქმისადმი. უახლოეს მომავალში დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მთლიანი დერეფნის მშენებლობა. ეს მოიცავს მთლიან მონაკვეთს, დაწყებული წითელი ხიდიდან, დამთავრებული სარფამდე.
ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას.
ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების როლი ასეთი პროექტების განხორციელებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს, რომლის თანამონაწილეობითაც განხორციელდა ეს პროექტი. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თითოეულ მშენებელს, ინჟინერს, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და პირადად მინისტრს“, – განაცხადა პრემიერმა.
