თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე ისაუბრა.
„მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი — თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში წარედგინება საკრებულოს. აღნიშნული დოკუმენტი არის განვითარებაზე, სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგრადობაზე ორიენტირებული, რომელიც პასუხობს როგორც ქალაქის დღევანდელ საჭიროებებს, ისე ქმნის საფუძველს მისი გრძელვადიანი განვითარებისთვის. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ 2026 წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის პროექტების განხორციელებისკენ იქნება მიმართული.
„ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 572 920 000 ლარი და იგი 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობის 26%-ს შეადგენს, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია 601 712 500 ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით 67 859 100 ლარით მეტია. სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 27%-ს შეადგენს”.
კახა კალაძემ ისაუბრა 2026 წლის პროექტებზეც.
„2026 წელს იწყება და გრძელდება ბევრი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, მათ შორის: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა; სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო გზა; რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია; ახალი ხიდების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება; სპორტული კომპლექსებისა და რეკრეაციული სივრცეების განვითარება; სკვერებისა და პარკების მოწყობა და რეაბილიტაცია; ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების გაუმჯობესება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ისაუბრა გამგეობების დაფინანსებაზეც და თქვა, რომ დაფინანსება ყველა რაიონში გაიზრდება.

