ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში შეშფოთებას გამოთქვამს „2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების სავარაუდო ფაქტების გამოძიებაში პროგრესის არარსებობის გამო.“
10 დეკემბრით დათარიღებულ წერილს ევროპის საბჭო დღეს, 17 დეკემბერს აქვეყნებს. კომისარი ეჭვქვეშ აყენებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული, შემდგომ კი პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიების ეფექტიანობას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულყოფილად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს ძალის გამოყენების კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ.
მაიკლ ო’ფლაერტი ეყრდნობა საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნებს, რომელშიც „დოკუმენტირებულია მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის არაერთი ბრალდება, მათ შორის წამების ფაქტები და ქალ მომიტინგეებზე სექსუალური ძალადობის მუქარის სავარაუდო შემთხვევები.“
კომისარი აღნიშნავს იმასაც, რომ 2025 წლის იანვარში – მისი ვიზიტისას საქართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იგი დაარწმუნა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლის შემცველი წყლის ჭავლი გამოყენებული არ ყოფილა, თუმცა, მისივე თქმით, მას შემდეგ არაერთმა ოფიციალურმა პირმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ დაადასტურეს, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული.
ევროსაბჭო ავრცელებს ქართული მხარის პასუხსაც. თბილისიდან ევროსაბჭოს ადმიანის უფლებათა კომისრისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ დემონსტრაციებისას „პოლიციამ ყოველ ჯერზე კანონის შესაბამისად გაათავისუფლა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩები ძალადობრივი ჯგუფებისგან.“
„პოლიცია მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციის, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ფარგლებში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებს. პოლიციის ქმედებები სრულ შესაბამისობაში იყო კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებთან, ხოლო მათ მიერ მიღებული ზომები იყო პროპორციული“, – წერია საპასუხო წერილში. წერილში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს სახელმიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ აქციებზე გამოყენებული ქიმიურ ნივთიერებებს შორის BBC-ის გამოძიებაში ნახსენები ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ არ არის.
