ევროკავშირის საბჭომ გაფართოების შესახებ გამოტანილი დასკვნები გამოაქვეყნა. 38-გვერდიან დოკუმენტში საქართველო ბოლო თავადაა განხილული, რომელსაც ტექსტის ავტორებმა 8 პუნქტი დაუთმეს.
კერძოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების მიმართ, თუმცა ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კანდიდატი ქვეყნის მიმართ არსებულ მოლოდინებს არ შეესაბამება. მიზეზად ის უკუსვლა სახელდება, რომელიც ევროკავშირის საბჭოს დასკვნით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა თუ კანონის უზენაესობის სფეროში ქვეყანამ განიცადა.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, მისი ელჩებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ტექსტში კიდევ ერთხელაა ხაზგასმული ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული, მანამ სანამ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და ევროკავშირში გაწევრიანების გზას არ დაუბრუნდება. ამ მხრივ ევროკავშირის საბჭო ელის, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრის მიმართ.
საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს. ტექსტში სინანულია გამოთქმული საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.
ევროკავშირის საბჭო ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
დოკუმენტს აქვს 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის მხარდაჭერა. დასკვნებს მხოლოდ უნგრეთი ეწინააღმდეგება.


