16 დეკემბერს სლოვაკეთში მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ბოლო ქმედებებს, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხება.
ფიცოს ინიციატივით, ქვეყანაში უქმდება ის დამოუკიდებელი სამსახურები, რომლებიც კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობდნენ.
აქციები ქვეყნის მასშტაბით, 10 სხვადასხვა ადგილას გაიმართა, მათ შორის, დედაქალაქ ბრატისლავაში. მომიტინგეები თავისუფლების მოედანზე ფიცოს გადადგომას მოითხოვდნენ.
მასობრივი პროტესტის მიუხედავად, სლოვაკეთის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა სამთავრობო გეგმა. 150-ადგილიან პარლამენტში ახალ ინიციატივებს ფიცოს ხელმძღვანელობით, კოალიციური მთავრობის 78-მა კანონმდებელმა მისცა ხმა.
მთავრობის გეგმას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ისე სლოვაკეთის გენერალური პროკურორი და კორუფციის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები.


