პარლამენტის 16 დეკემბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით დაუჭირეს მხარი მართვის მოწმობის დაბრუნების ინიციატივას იმ პირებისთვის, რომლებსაც საბუთი, 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩამოერთვათ.
კერძოდ, საუბარია იმ მძღოლებზე, რომლებსაც ავტომობილის მართვის უფლება შეეზღუდათ საჭესთან ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის, ან იმის გამო, რომ მიატოვეს შემთხვევის ადგილი, ან არ დაემორჩილნენ პოლიციელის მოთხოვნას, გაეჩერებინათ მანქანა.
ამავდროულად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, მხარდაჭერილია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უქმდება მართვის მოწმობის ვადაზე ადრე აღდგენის შესაძლებლობა.
„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის პირველი იანვრიდან, აღუდგება მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მართვის მოწმობა არ აღუდგებათ იმ პირებს, ვისაც ეს უფლება შეზღუდული აქვს იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადამიანი დაშავდა, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დღეისთვის, 35 445 მართვის მოწმობა შეჩერებულია.
მმართველი პარტიის ინიციატივას მხარს უჭერს საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“. თუმცა, ოპოზიციური გაერთიანების წევრმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, არჩილ გორდულაძეს ჰკითხა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ცვლილებები „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებთან პოლიტიკური ქულების დაწერას.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, კონკრეტული პირები ხელისუფლების კონკრეტულ ნაბიჯებში მხოლოდ პოლიტიკურ შინაარსს ხედავენ. მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მიზანი არის საქართველოს მოსახლეობაზე ზრუნვა.

