კატეგორიები

პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

სტრასბურგში გაიმართა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის, 2025 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია.

აზრის თავისუფლებისთვის პრემია წელს მიიღეს პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა, მზია ამაღლობელმა და მისმა ბელარუსმა კოლეგამ, ანჟეი პოჩობუტმა.

ჯილდო ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან გადაეცათ მათ წარმომადგენლებს – გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტ ირმა დიმიტრაძესა და ანჟეი პოჩობუტის შვილს, იანა პოჩობუტს.

რობერტა მეცოლას განცხადებით, ჟურნალისტები დაპატიმრებულები არიან მხოლოდ თავიანთი საქმის შესრულებისთვის, უსამართლობისა და დევნის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ის ასევე დასძენს, რომ ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ორივე მათგანს და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მზია ამაღლობელის წერილი წაიკითხა სტრასბურგში მყოფმა „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ:

„ჩემმა თაობამ კარგად იცის, რომ საქართველოს მტერი რუსეთია და ამისთვის ისტორიული წყაროების მოშველიება არ გვჭირდება. საკუთარი თვალით გვინახავს და გვახსოვს საბჭოთა ოკუპაციის წლები, რუსი სამხედროების მიერ ნიჩბებით აჩეხილი და ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველები, გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს ხელახალი ოკუპაცია.

რუსეთის მუდმივი მუქარის ფონზე ჩვენ მთელი ძალისხმევა, როგორც შეგვეძლო, სახელმწიფოს განვითარებისკენ მივმართეთ.

არჩევნებში საკუთარი ხმის მნიშვნელობა დავინახეთ, კორუფციის გარეშე უმაღლესი განათლების გარემო შევქმენით, სასამართლოს, მედიის მიუკერძოებლობა მოვინდომეთ, ადამიანის უფლებების დაცვაზე, სახელმწიფოს ვალდებულებასა და მოქალაქის პასუხისმგებლობაზე ვმსჯელობდით.

ამ წლებში საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელმაც რუსულის ნაცვლად ინგლისური და სხვა ევროპული ენები ისწავლა. ევროპამ გაიცნო თანამედროვე ქართველი მწერლები, მხატვრები და რეჟისორები.

ჩვენ ვცვლიდით ცოდნას, გამოცდილებასა და კულტურას თქვენთან, ევროპასთან.

ჩვენ სამსახურები, მეგობრები, საყვარელი ქალაქები აღმოვაჩინეთ და გავიჩინეთ ევროპაში.

დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში. ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. საქართველოს მოქალაქეები წელიწადზე მეტია, უწყვეტად ქუჩაში აპროტესტებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განცხადებას. ეს განცხადება ნაკვერჩხალს ჰგავდა – საქართველო აალდა და მას შემდეგ ვიწვით.

ვისურვებდი, განცხადებები მოქმედებაში გადაიზარდოს და ევროპელმა ლიდერებმა ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რაც აქვთ ავტოკრატიულ მმართველებზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი ქართული საზოგადოება, მისი დემოკრატიისა და ევროპისკენ სწრაფვა დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. რადგან საბოლოოდ ყველაფერი ერთ რამემდე დადის: ახლა უკვე უდავოდ ნათელი უნდა იყოს, რომ ძალა, რომელიც ბელარუსში, უკრაინასა და საქართველოში ჩადენილი საშინელებების უკან დგას, ევროპის გულს უახლოვდება. ის თქვენი სახლებისკენ მიემართება – ჩვენ კი უბრალოდ წინაღობა ვართ მის გზაზე.

მალე შობას, ახალი წლის დადგომას იზეიმებს ევროპული სამყაროს უდიდესი ნაწილი. ბოლო დღეებია, ვფიქრობ, როგორ მიულოცავთ ევროპის, ამერიკისა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები დანარჩენ მსოფლიოს. რას ეტყვით მათ მომავალზე? ახალ მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობაზე?

ეტყვით, რომ დემოკრატიული მმართველობისა და უსაფრთხოების განვრცობა აღარ წარმოადგენს კაცობრიობის სიკეთეს? ეტყვით, რომ ავტოკრატიული და დიქტატორული ძალების შემოთავაზებული „მოჩვენებითი მშვიდობა“ და „საზღვრები“ უნდა მივიღოთ?

ეტყვით, რომ ეკონომიკური გავლენაა უპირატესი და არა თანასწორობაზე, სოლიდარობასა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა? რომ საერთაშორისო სამართალმა და ინსტიტუციებმა ძალა დაკარგეს და არაფერი შეუძლიათ, მაშინ როცა რეპრესიული რეჟიმი თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ღირსებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს ატერორებს – ციხეებში კეტავს ან ემიგრაციას აიძულებს?

და ჩვენ, ვინც რუსეთის საფრთხეს კარგად იცნობს, გეუბნებით, რომ თუ ცივილიზებული სამყარო დაუშვებს, რომ მოსკოვმა ცალმხრივად, თავისი იმპერიალისტური მისწრაფებებითა და კარნახით შეადგინოს ე.წ „სამშვიდობო შეთანხმება” და შეცვალოს საზღვრები, ცხადია, ეს იქნება დაუსრულებელი ომის ანონსი ამ მშვენიერ კონტინენტზე.

თუ ჩემი სამშობლოს მსგავსი – უძველესი და მცირე ერები და უკრაინისნაირი მებრძოლი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები დარჩებიან რუსეთის ჰიბრიდული ომის, თუ სამხედრო აგრესიის პირისპირ მარტო, ეს იქნება გამოუსწორებელი ისტორიული შეცდომა.

ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენს ბრძოლაზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი – ევროპის ხალხებისა და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა.

მე მჯერა თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი ევროპის!“ – ნათქვამია პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის, წერილში.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ქართველი ერის მისწრაფებასაც, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი:

„უაღრესად ამაყი ვარ, რომ წელს სახაროვის პრემია გადაეცათ ანდჟეი პოჩობუტს ბელარუსიდან და მზია ამაღლობელს საქართველოდან – ჟურნალისტებს, უსამართლობისა და რეპრესიების წინააღმდეგ გამოსვლისათვის დაკავებულებს.

ეს პრემია ხაზს უსვამს მათ სიმამაცეს, მედეგობასა და ურყევ ერთგულებას სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ჩემთვის უდიდესი პატივია, მივესალმო ანა კიტლინსკაიასა და ირმა დიმიტრაძეს, ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან არის ანდჟეის ქალიშვილი იანა.

ანდჟეი პოჩობუტი და მზია ამაღლობელი არიან გამბედაობისა და სიმამაცის განსახიერება…

ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და მკაფიოდ განვუცხადო ყველა ბელარუსს, რომლებიც ჯერ კიდევ იბრძვიან თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის – კავშირები, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ, ევროპელებს, ვერც და არც იქნება გაწყვეტილი.

მივმართავ საქართველოს მოსახლეობასაც, რომელიც საკუთარ მომავალს ხედავს ევროკავშირში – ევროპარლამენტი მტკიცედ დგას თქვენ გვერდით და ამას ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს რეზოლუციებში, განცხადებებში, ჩატარებულ სამუშაოში – ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველო დარჩეს რაც შეიძლება ახლოს ევროპასთან, როგორც ამას იმსახურებს ის და მისი მოსახლეობა“.

პატიმრობაში მყოფ ქართველ და ბელარუს ჟურნალისტებს სახაროვის პრემია 22 ოქტომბერს გადაეცათ. ეს არის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, რომელიც 1988 წლიდან, ყოველწლიურად გაიცემა დისიდენტებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები