მთავარისაქართველოკაია კალასის თქმით, არსებული პოლიტიკის პირობებში საქართველოს არ აქვს მომავალი ევროკავშირში

კაია კალასის თქმით, არსებული პოლიტიკის პირობებში საქართველოს არ აქვს მომავალი ევროკავშირში

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეუძლებელი იქნება, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება განაგრძობს ევრობლოკის ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუთავსებელი პოლიტიკის გატარებას.

დიპლომატის თქმით, ევროგაერთიანებისადმი თბილისისა და ვაშინგტონის მიდგომების ერთ სიბრტყეში განხილვა არასწორია, რადგან, როგორც ამბობს, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს გაცხადებული ევროკავშირში გაწევრება.

„როდესაც ვსაუბრობთ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხზე, რომ ამერიკა არ მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრებისკენ. რა თქმა უნდა, ის, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, არ იყო სასიამოვნო.

რაც შეეხება საქართველოს, მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომ, ერთი მხრივ, ქვეყანას სურს, გაწევრიანდეს ევროკავშირში და გაუყვეს ევროპულ გზას, მეორე მხრივ, კი ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს საერთოდ არასწორი მიმართულებით.

ეს არის გზავნილი ხელისუფლებისადმი: ვიდრე ისინი გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის, თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ან, მოგეხსენებათ, იმ ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა.

კაია კალასთან ერთად ჰააგაში, პრესკონფერენციაში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე, რომლის განცხადებითაც, აუცილებელია, ევროპის საბჭოს წევრებმა იპოვონ გზები ერთმანეთთან დასაახლოებლად.

მანვე დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ 16 დეკემბერს საქართველომ ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის შექმნას ითვალისწინებს:

„თუკი ნებას დამრთავთ, მინდა, შეგახსენოთ, რომ საქართველო უკვე არაერთი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მე დავესწარი კონვენციის ხელმოწერას – ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, თუმცა ამავე დროს, აუცილებელია, მივაღწიოთ წინსვლას ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა.

როგორც იცით, ჩვენ მხარს ვუჭერთ მუდმივ კონტაქტებს და, მნიშვნელოვანია, კვლავ მივაღწიოთ ურთიერთობების დაახლოებას ღირებულებებისა და ვალდებულებების მხრივ, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ წარმოვადგენთ ერთიან კონტინენტს ევროპის საბჭოს 46 სახელმწიფოსთან ერთად“, – განაცხადა ალან ბერსემ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და სხვა ევროპელი ლიდერების განცხადებებს თბილისიდან კრიტიკით პასუხობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ხელისუფლების მტკიცებით, ბრიუსელი საქართველოს შანტაჟის ენით ესაუბრება და ცდილობს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend