ფოკუსში მყოფი უკრაინის საკითხების პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე, საქართველოში განვითარებულ პროცესებსაც განიხილავენ. 27 ქვეყნის პირველი დიპლომატი მსჯელობს, თუ როგორ გააგრძელოს ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობა იმ ფონზე, როდესაც მათივე შეფასებით, კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაშორდეს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობისგან კვლავ ელიან ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ ორბიტაზე დააბრუნებს.
„ევროკავშირში ველოდებით, რომ თუ საქართველოს სურს წინ წასვლა ევროპულ გზაზე, მაშინ ხელისუფლება განსხვავებულად უნდა მოიქცეს. ცხადია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ იმედის მიცემა ხალხისთვის, არამედ ასევე მთავრობისთვის იმის სათქმელად, რომ არ არის სწორი, როდესაც ისინი არ ითვალისწინებენ, რა სურს ხალხს. საქართველოზე საუბრისას მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს. თუმცა ეს მათ ხელშია. მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მარტა კოსმა.
საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ლიეტუვისა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ელიან, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს მოუსმენს და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებით ქვეყნისა და ისტორიისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„სამართლიანი არჩევნების ორგანიზება, საქართველოს დაეხმარება გამოვიდეს ამ რთული მდგომარეობიდან. ამას ჩვენ ერთი წლის წინაც მოვუწოდებდით. საჭიროა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება. სხვა შემთხვევაში რაც ჩანს, ეს არის პროცესების დეგრადირება და დემოკრატიის უკუსვლა. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოლოდინი, რაც მათ ევროპული პერსპექტივის მიმართ აქვთ. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ზომები, რომლებსაც ამჟამინდელი რეჟიმი იღებს, პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ამ ტენდენციას ვხედავ. იმედი მაქვს, მომავალ წელს ევროკავშირი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და „ქართული რეჟიმი შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიას, სად არის საქართველოს ადგილი“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამ განცხადებებს თვალთმაქცობის მასტრეკლასს უწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველომ მხოლოდ ომში ჩართვის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა, რათა ევროპულ გზაზე ნაბიჯი წინ გადადგმულიყო. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირში არასამართლიან მოპყრობას იმისთვის აგრძელებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ნებას არ დაჰყვა, სავარაუდოდ ე.წ. „დიფ სტეიტიდან“.
„გარკვეული გარემოებები შეიცვალა, მაგრამ ეს მთავარი ხაზი არ შეცვლილა. დღეს თვითონ ამბობენ ღიად, აღარ მალავენ, რომ ევროპისთვის უკრაინელები იხოცებიან და საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთისგან საფრთხე ემუქრება. ღიად ამბობენ, რომ საქართველოში აუცილებელია ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ჩართავს ამ უბედურებაში. ამას რომ მალავდნენ, შეიძლება ითქვას, მოდით, განვიხილოთ, მარტა კოსი და კაია კალასი რას ამბობენ, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს თუ არა უტიფრობით აღსავსე განცხადებების კეთება. იმავე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ყველაფერი არჩევნებით გამოვლინდება. რასაკვირველია, გამოვლინდება არჩევნებით. ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებით დაადასტურა, რომ არ აწყობს ის პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანას სთავაზობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოშიც იყო ჩამოსული და ხალხს სისხლისღვრისკენ მოუწოდებდა. ამას მხარი არ დაუჭირეს და ის გზა აირჩიეს, რაც ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ეს გაცხადებები, ყველა არის ანტიქართული. ქართველთმოძულე თუ გააკეთებს იმ განცხადებას, რომელიც ზოგიერთი ოფიციალური პირისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. არჩევნები მომავალშიც იქნება და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ რა სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვს პოზიტიური მოლოდინი საქართველოდან, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს მიცემული.
„ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ჰქონდა და კვლავაც აქვს ყველა შანსი და შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და გაატარებს ყველა იმ რეფორმას, რომლებზეც ამ ბოლო წლებში ყოფილა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და მოხდება ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება. შესაბამისად, ნებისმიერი პროპაგანდისტული მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული კავშირის მხრიდან არის შეჩერებული ევროინტეგრაცია, ეს არის სრული ბოდვა და მეტი არაფერი.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ და ვისმენთ, რომ ევროპული კავშირი მზად არის, ისაუბროს რეალურ ინტეგრაციასა და შემდგომ ნაბიჯებზე, იმ შემთხვევაში თუ შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან”, – აცხადებს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 2025 წლის ბოლო შეხვედრაზე გაერთიანების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე იმსჯელებენ. მთავარ საკითხებში საქართველოში განვითარებული პროცესები არ შედის, თუმცა, ლიდერები კანდიდატი ქვეყნის შესახებ თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. როგორ აისახება მათი ქვეყნების პოლიტიკურ ნაბიჯებში ეს მოსაზრებები, ამას მომავალი აჩვენებს. მომავალი, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ჯერ ისევ ბუნდოვნად აჩვენებს.
ავტორი: ალეკო გვეტაძე

