მთავარიევროპაუნგრეთიმრავალათასიანი ანტისამთავრობო აქცია ბუდაპეშტში

მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქცია ბუდაპეშტში

13 დეკემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავარმა ოპონენტმა ბუდაპეშტის ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტი შეკრიბა. ისინი არასრულწლოვანთა დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობის სავარაუდო ფაქტებს აპროტესტებდნენ.

ორბანის მთავარი ოპონენტის, პეტერ მაგიარის მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია ამ კვირაში გამოქვეყნებული ვიდეოების საპასუხოდ გაიმართა. კადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ ფიზიკურად  ბუდაპეშტის არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები იქ მყოფ ბავშვებზე. დაწესებულების ხელმძღვანელებს, რომლებიც პროსტიტუციის ქსელის ოპერირების გამო არიან ეჭვმიტანილი და დაკავებული, ბრალად ედებათ არასრულწლოვანთა მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობაც.

„ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლა გავძლიეროთ. უამრავი ადამიანის მსგავსად ვფიქრობთ, რომ ეს უნდა დასრულდეს.  გადადგება თუ არა მთავრობა? ჩვენ მათ ასე არ ვიცნობთ, მაგრამ შესაძლოა. მხოლოდ იმედით ვცხოვრობთ.” – განაცხადა აქციის მონაწილემ, იოჟეფ მურსამ.

ხელისუფლების კრიტიკოსები ორბანის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ გავრცელდა ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ  მთავრობას ბავშვების დაცვა არ შეუძლია, ამიტომაც მოუწოდებენ ისინი  ორბანს გადადგომისკენ.

„სხვა ქვეყნებში ამ სკანდალის გამო მთავრობა  გადადგებოდა. მაგრამ აქ ვხედავთ, როგორ ებღაუჭებიან ისინი ძალაუფლებას კბილებითა და ფრჩხილებით. მათთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ამ მორალური უფსკრულიდან, ამ ორმოდან ამოყვანა. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფერზე მეტს ნიშნავს. თუმცა მალე დასრულდება ეს ყველაფერი, აპრილისთვის მაინც მოუწევთ წასვლა. ეს ახლა უკვე აშკარაა“. – ამბობს აქციის მონაწილე შანდორ ჰორვატი.

სახელმწიფო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტები ადრეც დადასტურდა, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. 2024 წელს უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა და იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგამ საზოგადოების აღშფოთების გამო თანამდებობები დატოვეს.  მათ ბრალად ედებოდათ ბავშვთა სახლში ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების დაფარვა. მათ ასევე მხარი დაუჭირეს გასამართლებული მამაკაცის შეწყალებას.

„ორბანმა სულ მცირე ბოდიში უნდა მოუხადოს ხალხს. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანი იქნება, აღიაროს მაინც, რომ შეცდომა დაუშვა. რადგან ეს არ არის საბაბი, თითქოს მას არ შეუძლია ყველაფერს მიაქციოს ყურადღება. ჩემი აზრით, ის მაღალ ხელფასს იმისთვის იღებს, რომ ქვეყნის საქმეები მოაგვაროს. რუსეთსა და ამერიკაში მუდმივი მოგზაურობა მისი საქმე არ არის. მას დრო უნდა ჰქონდეს იმისთვის, რაც უნგრელებისთვის მნიშვნელოვანია“,  – აცხადებს აქციის მონაწილე ევა საბო.

მაგიარი, ორბანის „ფიდესის“ პარტიის ყოფილი წევრი, უნგრეთის პოლიტიკური ყურადღების ცენტრში  ამ სკანდალის გამოაშკარავებისთანავე მოექცა. იგი მთავრობას არასწორ ქმედებებსა და კორუფციაში ადანაშაულებდა.

გაზაფხულზე უნგრეთში არჩევნებია დაგეგმილი. დამოუკიდებელი კვლევების მიხედვით,  მისი ცენტრისტული მემარჯვენე პარტია „ტისა“ ორბანის „ფიდესის“ პარტიას  უსწრებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend