მთავარიევროპაბულგარეთიბულგარეთში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება

ბულგარეთში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება

ბულგარეთის ქალაქებში 10 დეკემბერს გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც გადასახადების, სოციალური უზრუნველყოფის შენატანებისა და მთავრობის ხარჯების გაზრდის გამო იმართება.

სხვადასხვა მედიასაშუალების ცნობით, დედაქალაქ სოფიაში გამართულ დემონსტრაციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო მუხტს, რომელიც ამჯერად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, სტუდენტებიც შეუერთდნენ. თუმცა გასული კვირებისგან განსხვავებით, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის გადადგომაც დაემატა.

„ჩვენ მხოლოდ ბიუჯეტს არ ვაპროტესტებთ – ჩვენ მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას მისი უპასუხისმგებლობის, დაუდევრობისა და ბულგარეთისთვის მიყენებული სირცხვილის გამო“, – აცხადებს ეროვნული სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, გეორგ პეტროვი.

ქვეყნის დედაქალაქში აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ცენტრალურ მოედანზე, რომელიც  პარლამენტის,  მთავრობის შენობებსა და პრეზიდენტის სასახლეს შორის მდებარეობს. აქციაზე ისმოდა შეძახილები, სხვადასხვა  ლოზუნგით ისინი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

„ნებისმიერი პარტია, რომელიც მაფიოზურად მოქმედებს, უნდა წავიდეს და აღარასდროს დაბრუნდეს. ის უნდა გადადგეს. ხალხი დაიღალა ამდენი მანიპულირებით, ძარცვით, ტყუილით, ღალატით, გაღატაკებით.  უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ყველაფერს”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ელი მარტინოვა.

მოქალაქეთა იმედგაცრუების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკოს დელიან პეევსკის გავლენაა. მას სანქციები დაუწესეს  შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა. მისი პარტია „ახალი დასაწყისი“ მხარს უჭერს ხელისუფლებაში მყოფ უმცირესობის კოალიციას. ბევრის აზრით, იგი დომინანტურ როლს ასრულებს მთავრობის პოლიტიკის ოლიგარქიული ინტერესების გატარებაში.

„იმედი გვაქვს,  რომ ჩვენი ქმედებები რეალურ ცვლილებამდე მიგვიყვანს. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არ გავჩერდებით. მზად ვართ, გავაგრძელოთ აქტიური საპროტესტო აქციები, გავაერთიანოთ სტუდენტები მთელი ბულგარეთიდან და საზღვარგარეთიდან. თქვენ მალე იხილავთ ჩვენს ქმედებებს. ჩვენ ბორისოვისა და პეევსკის მიერ აგებული კორუფციული მოდელი უნდა დავშალოთ.  სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩვენი ასოციაცია“, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტური ასოციაციის ლიდერი, ალექსანდრე ტანევი.

10 დეკემბერს გამართული პროტესტი მშვიდობიანი იყო. აქციის მთავარმა ორგანიზატორმა ოპოზიციურმა კოალიციამ „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს – დემოკრატიული ბულგარეთი“ წამოაყენა  მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი, რომელიც კენჭისყრაზე 11 დეკემბერს გავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend