პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საბაჟო-ტერმინალის“ მშენებლობის საკითხს.
მისი განცხადებით, თბილისი საოკუპაციო მმართველობის მიერ დაწესებულ არანაირ „სახელმწიფო საზღვარს“ არ აღიარებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ძალაში რჩება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, რომლის გადახედვასაც, როგორც ამბობს, ხელისუფლება არ აპირებს:
„წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე. მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თბილისი ოკუპირებული რეგიონიდან არანაირ ტვირთს არ გაატარებს.
რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის სატრანზიტო-ლოგისტიკური სააგენტოს ე.წ. „დირექტორმა“, ასტამურ ახსალბამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე „ტერმინალის“ სამშენებლო სამუშაოები მრავალი წელია, სხვადასხვა მიზეზით გადაიდო.
მათ შორის მან დაასახელა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
მანვე განაცხადა, რომ აფხაზური მხარე „თეორიულად არის მზად“ ენგურის მეშვეობით უზრუნველყოს ტვირთების გადაზიდვა.
