კატეგორიები

საქართველო და გაერო მდგრადი განვითარების თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველო და გაერო მდგრადი განვითარების თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და გაეროს შორის ხელი მოეწერა 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მხარეებს შორის გაფორმებული ახალი, ხუთწლიანი ჩარჩო-შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.

ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა არგუმენტად მოიყვანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება:

„2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ, 5.1% იქნება. ეს ტენდენციები ხელს უწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში…

2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში დაახლოებით, 1,4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი, 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით, ისტორიულ მინიმუმამდე, 9,4%-მდეა შემცირებული.

მიუხედავად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრალურ ამოცანად რჩება. ამ მიმართულებითაც, საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს. ეს მაჩვენებლები გვიმყარებს რწმენას, რომ ქვეყნის განვითარების კურსი სწორად არის განსაზღვრული…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდი ტღებიუკი.

„ჩვენ ამ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გაურკვევლობის, დაყოფის, კონფლიქტების, მზარდი უთანასწორობისა და კლიმატის კრიზისის გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნების ცვალებადი საჭიროებები და მზარდი შესაძლებლობები მოითხოვს გაეროს მიდგომების შეცვლას ეროვნული განვითარების მხარდაჭერის მიზნით. თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, წარმოადგენს პირობას, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს მთავრობასა და ყველა პარტნიორთან – განვახორციელოთ გადამწყვეტი რეფორმები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ პროგრესის დასაჩქარებლად, რადგან მხოლოდ 5 წელია დარჩენილი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს ასევე წარმოადგენს ვალდებულებას, დავიცვათ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, ადამიანის უფლების დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით და მისი მიზანია, მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა საქართველოში მყოფ ადამიანებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად, განსაკუთრებით კი ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის…“ – თქვა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდი ტღებიუკმა.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები